მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Immobiliare — კომპანია, რომელიც თბილისის დეველოპერულ ბაზარზე ახალი ისტორიის შექმნას გეგმავს - ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან
Immobiliare — კომპანია, რომელიც თბილისის დეველოპერულ ბაზარზე ახალი ისტორიის შექმნას გეგმავს - ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან

Immobiliare — კომპანია, რომელიც თბილისის დეველოპერულ ბაზარზე ახალი ისტორიის შექმნას გეგმავს - ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან

BM.GE8 ივლისი, 2026, 14:43|bm.ge

ბოლო წლებში თბილისის დეველოპერულ ბაზარზე არაერთი ახალი კომპანია გამოჩნდა, თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე ცდილობს, საკუთარი თავი არა მხოლოდ საცხოვრებელი პროექტებით, არამედ გრძელვადიანი ურბანული ხედვით განსაზღვროს. სწორედ ასეთ მოთამაშედ პოზიციონირდება DMG Group, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება და კაპიტალი საქართველოში მრავალმილიარდიან საინვესტიციო პროექტებში მიმართა.

ჯგუფის უახლესი მიმართულება - კომპანია Immobiliare - დეველოპერულ ბაზარზე შედარებით ახალი სახელია, თუმცა მისი უკან მდგომი ისტორია გაცილებით ადრე იწყება. საერთაშორისო ნავთობპროდუქტების ვაჭრობიდან, ენერგეტიკიდან, სოფლის მეურნეობიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაწყებული გზა დღეს ისტორიული შენობების აღდგენასა და ახალი ურბანული სივრცეების შექმნამდე მივიდა.

DMG Group-ის დამფუძნებელი კახი ჟორდანია BMG-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის განვითარების ლოგიკა ყოველთვის ერთ პრინციპს ეფუძნებოდა - გრძელვადიან ხედვას.

საერთაშორისო ბიზნესიდან საქართველოში

კახი ჟორდანიას პროფესიული საქმიანობა წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებს უკავშირდებოდა. როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ნაბიჯი იმ სფეროში გადაიდგა, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა.

„ჩვენ საქართველოში 2022 წელს ჩამოვედით. ჩემი სტუდენტობისა და კარიერის პირველი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ვმოღვაწეობდი. ჩვენი საქმიანობა საერთაშორისო ნავთობპროდუქტების ტრეიდინგსა და წარმოებას უკავშირდებოდა, ამიტომ საქართველოში პროფილური აქტივი მოვძებნეთ და „რუსთავოილის“ წილი შევიძინეთ.“

სწორედ „რუსთავოილი“ გახდა DMG Group-ის პირველი მსხვილი ინვესტიცია საქართველოში.

თუმცა კომპანიის მიზანი მხოლოდ არსებული ბიზნესის შენარჩუნება არ ყოფილა. ჯგუფმა საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო, რამაც რამდენიმე წელიწადში შედეგიც მოიტანა.

„ჩვენი კაპიტალი და გამოცდილება მთლიანად ინფრასტრუქტურის განვითარებას მოვახმარეთ. შედეგად, წარმოება დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა და დღეს „რუსთავოილი“ საქართველოს ბიტუმის ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებს. ადრე ეს პროდუქტი მთლიანად იმპორტირებული იყო, დღეს კი მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საქართველოში იწარმოება.“

ეს ისტორია, კახი ჟორდანიას შეფასებით, DMG Group-ის ბიზნესმოდელს კარგად ასახავს — კომპანია ცდილობს მხოლოდ ინვესტორი არ იყოს; მისი მიზანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკას გრძელვადიან ღირებულებას მატებს.

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, თუმცა ხშირად ჩნდება კითხვა — საიდან მოდის ასეთი მასშტაბის კაპიტალი?

კახი ჟორდანია ამ კითხვას პირდაპირ პასუხობს - „ჩვენი ჰოლდინგის, DMG Group-ის კაპიტალის წყარო ასი პროცენტით არის ბიზნესი და ის საერთაშორისო საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებთ.“

მისი თქმით, სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე დაგროვილმა გამოცდილებამ და ფინანსურმა რესურსმა მისცა კომპანიას შესაძლებლობა, საქართველოში სხვადასხვა სექტორში დაეწყო ინვესტირება.

დღეს DMG Group წარმოდგენილია სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ავტომობილების იმპორტში, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დეველოპმენტში.

თუმცა მიუხედავად ბიზნესების მრავალფეროვნებისა, ჟორდანია აღიარებს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ დეველოპერულ მიმართულებასთან აკავშირებს.

„დეველოპმენტი შეიძლება დღეს ჩვენი პორტფელის ყველაზე დიდი ნაწილი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის პირადად ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაა. ეს პროექტები ისტორიის მატარებელია და სწორედ ამიტომ თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.“

ექსკლუზიური ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან - DMG Group-ის და Immobiliare-ს დამფუძნებელთან

რატომ შეიქმნა Immobiliare

Immobiliare DMG Group-ის ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაა, თუმცა გუნდი, რომელიც მას ქმნის, სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

„კომპანია ახალია, მაგრამ დაკომპლექტებულია ძალიან გამოცდილი ადამიანებით, რომლებსაც უმუშავიათ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესიონალების ძლიერი სინთეზი, რაც საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთ ენაზე ვილაპარაკოთ.“

ჟორდანია ამბობს, რომ სწორედ გუნდის მრავალფეროვანი გამოცდილება გახდა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

დეველოპერულ სექტორში თითქმის ყველა კომპანია საკუთარ უპირატესობად ხარისხს, მშენებლობის სტანდარტებსა და მასალებს ასახელებს.

კახი ჟორდანია ამ თემაზე სრულიად განსხვავებულ პასუხს იძლევა.

„არ მინდა, რომ ბანალური სიტყვებით დავიწყო საუბარი იმაზე, რომ ყველაზე ხარისხიანები ან ყველაზე კარგები ვიქნებით. მე ვფიქრობ, Immobiliare პირველ რიგში თავისი ხედვით გამოირჩევა.“

მისი შეფასებით, კომპანიის მთავარი ღირებულება საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და ქართული ურბანული გარემოს ერთმანეთთან შერწყმაა.

„ჩვენ გვინდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ისეთი პროექტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ამავე დროს მთლიანად იქნება ინტეგრირებული ქართულ გარემოსთან.“

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, კომპანია არ არის დაინტერესებული მხოლოდ კვადრატული მეტრების აშენებით.

Immobiliare-ისთვის თითოეული პროექტი უნდა იქცეს ქალაქის ნაწილის განვითარების ისტორიად.

არქიტექტურა - ბიზნესსტრატეგიის ცენტრში

დეველოპერული კომპანიების უმეტესობაში არქიტექტორი პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა.

Immobiliare-ში კი, როგორც კახი ჟორდანია ამბობს, ყველაფერი სწორედ არქიტექტურიდან იწყება.

„პირველ რიგში, მთელი პროექტის არსი სწორედ არქიტექტურიდან მოდის.“

ამ მიდგომამ განაპირობა Ricardo Bofill Taller de Arquitectura-ს არჩევაც. მისი თქმით, პარტნიორის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი საერთაშორისო აღიარება კი არა, ქალაქის მიმართ დამოკიდებულება იყო.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აგვერჩია ისეთი არქიტექტორი, რომელიც თბილისურ ხასიათს, ქართულ კულტურასა და ისტორიას პატივს სცემდა.“

სწორედ ამ მიზეზით, Ricardo Bofill-ის გუნდი პროექტის დაწყებამდე ორი თვის განმავლობაში მხოლოდ თბილისს სწავლობდა.

კახი ჟორდანიას შეფასებით, სწორედ ასეთმა მიდგომამ გადააქცია არქიტექტურა კომპანიის ბიზნესსტრატეგიის მთავარ ნაწილად და არა მხოლოდ დიზაინის ინსტრუმენტად.

კოსტავას 49 დღეს არ არის Immobiliare-ს ერთადერთი პროექტი, კომპანია უკვე ავითარებს კოსტავას მიმდებარე ისტორიული ტერიტორიის ერთიან კონცეფციას, რომელიც ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების, ასევე ლაგუნა ვერეს რეაბილიტაციას მოიცავს.

საერთო საინვესტიციო მოცულობა, კომპანიის შეფასებით, მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

თუმცა ჟორდანია ამბობს, რომ ესეც მხოლოდ დასაწყისია - „ამ ეტაპზე ასი პროცენტით კონცენტრირებული ვართ ორ პროექტზე, თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობთ ახალ შესაძლებლობებზე და გვინდა, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ.“

კომპანიის ამბიცია მხოლოდ თბილისითაც არ შემოიფარგლება - „პირველ ეტაპზე მთლიანად დედაქალაქზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა ხუთწლიანი პერსპექტივით უკვე ვუყურებთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც.“

ბიზნესი, რომელიც ქალაქის ისტორიას ეფუძნება

DMG Group-ის განვითარების ისტორია აჩვენებს, რომ კომპანიისთვის დივერსიფიკაცია მხოლოდ ახალი სექტორების დამატებას არ ნიშნავს. თითოეული ახალი მიმართულება უკვე დაგროვილ გამოცდილებასა და გრძელვადიან ხედვას ეფუძნება.

თუ „რუსთავოილში“ მთავარი ამოცანა საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნა იყო, Immobiliare-ის შემთხვევაში მიზანი ისტორიული სივრცეების თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაში ინტეგრირებაა.

ამ კონცეფციაში არქიტექტურა მხოლოდ ესთეტიკა აღარ არის. ის ბიზნესის, ინვესტიციისა და ქალაქის განვითარების საერთო ენა ხდება.

სწორედ ამიტომ DMG Group საკუთარ თავს დეველოპერულ კომპანიაზე მეტად ურბანული ტრანსფორმაციის ინვესტორად წარმოაჩენს - კომპანიად, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ახალი შენობების აშენება, არამედ ისეთი სივრცეების შექმნაა, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც ქალაქის იდენტობის ნაწილად დარჩება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

საქართველოში საწვავი იაფდება - რომელ სადგურზე რა ღირს ბენზინი/დიზელი?

საქართველოში საწვავი იაფდება - რომელ სადგურზე რა ღირს ბენზინი/დიზელი?

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

BM.GE

ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები მაისში 85%-ით გაიზარდა

ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები მაისში 85%-ით გაიზარდა

BM.GE