
„იმპორტირებული კაკლის ხარისხი არ კონტროლდება“ - Georgian Walnut Enterprise
ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანიის Georgian Walnut Enterprise-ის დამფუძნებელი გიორგი მესხიძე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული კაკლის ხარისხის კონტროლის პრობლემაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში დაბალი ხარისხისა და საეჭვო წარმომავლობის პროდუქცია შემოდის, რასაც, მისივე შეფასებით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან სათანადო კონტროლი არ ახლავს.
BM.GE-სთან ინტერვიუში გიორგი მესხიძე განმარტავს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტებს იცავენ და ლაბორატორიულ შემოწმებებში რესურსებს ხარჯავენ. ამასთან, მისი თქმით, იმპორტირებული კაკლის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც თავად აღნიშნავს, შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს არ გადის.
„მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც კაკლის ყველა მწარმოებელს პრობლემას უქმნის, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის არასათანადო კონტროლია. ქვეყანაში დაბალი ხარისხის, საეჭვო წარმომავლობისა და იაფი პროდუქცია შემოდის, რომელიც ქართულ ბაზარზე უკონტროლოდ იყიდება. ჩვენი პროდუქტი დანერგილი სტანდარტების შესაბამისად ევროპულ ლაბორატორიებში დაახლოებით 500 ქიმიურ ნივთიერებაზე მოწმდება. ამ დროს იმპორტირებულ ნიგოზსა და კაკალს, ხშირ შემთხვევაში, ელემენტარული ლაბორატორიული კვლევებიც კი არ უტარდება. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს“, - აცხადებს გიორგი მესხიძე.
მისივე თქმით, ქართული კაკლის მიმართ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა პროდუქციის რეალიზაციისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ფასი რჩება.
„ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებულ კაკალზე, თუმცა რეალიზაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ფასია“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის ინფორმაციით, Georgian Walnut Enterprise ფლობს BRCGS-ისა და GlobalG.A.P.-ის სერტიფიკატებს. პირველადი წარმოებისა და გადამუშავების პროცესებში თანამედროვე სტანდარტები და ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება.
Georgian Walnut Enterprise სოფლის მეურნეობის სექტორში 2014 წლიდან ოპერირებს. კაკლის პირველი ბაღი კომპანიამ 2015 წელს გააშენა, ხოლო 2020 წლიდან საკუთარი გადამმუშავებელი ქარხანა 5.4 მილიონი ლარის ინვესტიციით აამოქმედა. დღეის მდგომარეობით, კომპანია 230 ჰექტარ კაკლის ბაღს ფლობს და პრემიუმ ხარისხის კაკალს აწარმოებს.
BM.GE
წყარო: bm.ge