
"ინდექსაციის ფორმულა FIDIC-ის პრაქტიკიდანაა, თუმცა მისი ნაწილები ქართული შემოქმედებაა" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?
ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში ამოქმედებულ ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის მექანიზმზე, რომელმაც სამშენებლო კომპანიებს პროექტების მიმდინარეობისას სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ნაწილობრივ კომპენსირების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
როგორც BMG‑ის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში განუცხადეს, სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ფასთა ინდექსაცია ხარჯების მხოლოდ 60%-ს შეეხება. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკაში, ხარჯების მინიმუმ 80%-ის ინდექსირება ხდება.
ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, შესაბამის დადგენილებაში ბუნდოვანი ჩანაწერია ხელფასებზეც და დასაზუსტებელია, რომ ფასთა ინდექსაცია ხელფასების ნაწილზეც ვრცელდება.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, მომავალ კვირაში სექტორის წარმომადგენლები გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც მათ შორის ინდექსაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს წარადგენენ.
“დადგენილების ერთი ნაწილი უფრო გრძელვადიან პროექტებს ეხება, რომელიც 2027 წლიდან შედის ძალაში. მართალია, ფორმულა აღებულია FIDIC-ის პრაქტიკიდან, თუმცა იმ ფორმულის შემადგენელი ნაწილები ფაქტობრივად ქართული შემოქმედებაა. ვგულისხმობ იმას, რომ ინდექსირდება მხოლოდ 60%, იმ დროს, როდესაც FIDIC-ში სულ მცირე 80%-იანი არის. ასევე ბუნდოვანი ჩანაწერი არის ხელფასთან მიმართებაში და დასაზუსტებელია, რომ ხელფასებს ნამდვილად ეხება ინდექსაცია. მოგეხსენებათ, ხელფასები ბოლო წლების განმავლობაში მშენებლობის ინდექსში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ზრდის კუთხით. მესამე - ასევე ბუნდოვანი ჩანაწერი არის, რომელიც გულისხმობს გეგმა-გრაფიკთან ბმას და ასევე, თუ გეგმა-გრაფიკს დაარღვევ, მანამდე მოცემული ინდექსაცია უკან უნდა დააბრუნო. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად გამოწვევები იქნება პრაქტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ინდექსაცია იყოს ეფექტური და რეალურად უზრუნველყოს ინფლაციიდან გამოწვეული დანახარჯების კომპენსირება, გაზრდილი ფასების კომპენსირება. სწორედ ამ კუთხით გვექნება ჩვენ სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირას, სადაც დეტალურად გავივლით ამ გამოწვევებს და როგორ შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, რომ რეალურად ეს ინდექსაცია ეფექტური იყოს, როგორც დამკვეთის ნაწილში, ისევე მიმწოდებლის პერსპექტივით.