
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება - მინისტრი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, უკვე მიღებულია მედიკამენტის საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებული.
საქართველოს მთავრობამ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია "იტალფარმაკოსთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 ივლისს გააფორმა.
"დღეს გვაქვს სასიხარულო მორიგი ინფორმაცია: "ჯივინოსტატის" საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე ჩვენს მიერ "იტალფარმაკოსთან" თანამშრომლობით გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, რომელთაც შესაბამისი დაწესებულებებისთვის ჯერ არ მიუმართავთ, დარეკონ უწყების ცხელ ხაზზე - 1505, რათა მიიღონ დეტალური კონსულტაცია მკურნალობის კურსის დაწყებასთან დაკავშირებით.
ბრიფინგზე მინისტრმა ასევე ისაუბრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე პრეპარატის შესყიდვის პროცესზეც. მისი თქმით, ყველა არსებით კომერციულ საკითხზე მოლაპარაკება უკვე წარმატებით დასრულდა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს ოფიციალურად მოეწერება ხელი.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად პარალელურად დაიწყო. ამ შემთხვევაშიც მინდა საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო, რომ დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.
ამ შემთხვევაში შეამჩნევდით, რომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ მშობლები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, თუმცა მედიკამენტი და მწარმოებელი კომპანია არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ივნისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. 4 ივნისს მან განაცხადა, რომ დაავადებული ბავშვების კონკრეტული მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა.
31 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ დიუშენით დაავადებული ადამიანები სახელმწიფოს მიერ შეძენილი მედიკამენტი "ჯივინოსტატით" მკურნალობის დაწყებას სექტემბრიდან შეძლებდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge