
ინდოეთი, ეგვიპტე, ჩინეთი... - პესტიციდების ფასის რეგულირების რა მაგალითებს ეყრდნობა სამინისტრო?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას ითვალისწინებს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, რომლის ავტორიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დარეგულირდება და მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს შესაბამისი წესი და პირობები. რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რეალიზატორებს.
როგორც "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, სხვა ქვეყნები, რომელთა გამოცდილებაც მაგალითად გამოიყენეს ცვლილებების მომზადებისას არის მათ შორის ინდოეთი, ეგვიპტე, ჩინეთი: "კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები არსებობს ინდოეთის, ეგვიპტეს, ჩინეთის პერმანენტული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმებში, ასევე მთელი რიგი ევროპული და ლათინოამერიკული ქვეყნების გამოწვევებზე ორიენტირებული დროებითი რეგულირების ფორმებში",- წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება ასეთი იყოს:
იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა. იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ.
მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი. ფასის განსაზღვრის მექანიზმი კი შეიძლება ასეთი იყოს: მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით: პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში, ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, იაპონიაში, ისრაელში და პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყნებში. ასევე, მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება სხვადასხვა კრიტერიუმებით, მაგალითად: მოქმედი ნივთიერების, მოქმედი ნივთიერებების კომბინაციის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, პრეპარატული ფორმისა (სითხე, გრანულა, ორიგინალი, ჯენერიკი და ა.შ) და დაფასოების მიხედვით;
ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვროს თითოეული ჯგუფისთვის მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი, რისთვისაც გამოყენებული იქნება:
თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის საბითუმო და საცალო დონეზე რეალიზებული პესტიციდების რაოდენობასთან შეწონილი ფასის საშუალო არითმეტიკული ფასი;
თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის იმპორტის საინვოისო ფასის რაოდენობასთან შეწონილი საშუალო არითმეტიკული ფასი.
დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასის დადგენა უზრუნველყოფს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიწოდების ჯაჭვში დამატებითი რგოლების გაჩენისა და არამართლზომიერი ფასნამატის პრევენციას, ასევე, ბაზარზე გონივრული ფასების შენარჩუნებას. ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ შესაძლებელია შემუშავებული და გამოყენებული იქნეს ფასების რეგულირების სხვა მოდელიც.
მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი
BM.GE
წყარო: bm.ge