
ინდოეთმა Telegram-ი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა - მიზეზები
ინდოეთის ხელისუფლებამ პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით დაბლოკა. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულება განათლების სამინისტროს ნაციონალურმა ტესტირების სააგენტომ გამოსცა და ის სპეციალური შეზღუდვა ძალაში 22 ივნისამდე დარჩება.
რაც შეეხება მიზეზს, როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება განაპირობა სამედიცინო მისაღებ გამოცდაზე თაღლითობის მიზნით პლატფორმის ორგანიზებულად გამოყენების მოხშირებულმა ფაქტებმა. როგორც ოფიციალურ ნიუ დელიში აცხადებენ, გამოცდების მიმდინარეობისა და წინარე პერიოდში Telegram-ის გამოყენება აქტიურად დაიწყეს თაღლითურმა დაჯგუფებებმა, რომელთა ერთი ნაწილიც გამოცდების სწორ პასუხებს სტუდენტებს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდნენ, მეორე ნაწილი კი ყალბ მონაცემებს ავრცელებდა და ამაში ასევე იღებდა ფულს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონის საფუძველზე განხორციელდა. ცნობისთვის, ეს კანონი ნარენდრა მოდის პრემიერობის დროს იქნა შემოღებული და ის სახელმწიფოს ონლაინრესურსებზე წვდომის შეზღუდვის უფლებას განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს. ოფიციალური უწყებების განმარტებით, არალეგალური კონტენტის წაშლის მცდელობების წარუმატებლობის შემდეგ, ეს ნაბიჯი იყო ის უკიდურესი ზომა, რომლის გადადგმაც მათ მოუწიათ.
თავად Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჯაროდ უკვე ისაუბრა და ის მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ინდოეთში მცხოვრებ 150 მილიონზე მეტ რიგით მომხმარებელს რამდენიმე თაღლითისა და სტუდენტის უპასუხისმგებლობის გამო სჯის. პაველ დუროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Telegram-ისთვის ბლოკის დადებას კანონდარღვევის ფაქტები რეალურად სულაც არ შეუჩერებია, რადგან საგამოცდო მასალების გაჟონვამ სხვა აპლიკაციებში გადაინაცვლა.
BM.GE
წყარო: bm.ge