
ინფრასტრუქტურის მშენებლები სახელმწიფო უწყებებთან კონტრაქტებში დავების საბჭოს მექანიზმის შემოღებას ითხოვენ
ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები სახელმწიფო უწყებებთან საკონტრაქტო ურთიერთობებში დავების საბჭოს რგოლის შემოღების ინიციატივით გამოდიან.
როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სადავო საკითხების გადასაწყვეტად დამოუკიდებელი სპეციალიზებული ორგანო არსებობდეს.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აცხადებს, საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები სახელმწიფო უწყებებთან საკონტრაქტო ურთიერთობისას დამოუკიდებელი დავების საბჭოს რგოლს იყენებენ.
ირაკლი გიორგობიანი განმარტავს, რომ ეს რგოლი არაა სასამართლოს და არბიტრაჟის ალტერნატივა. თუმცა მისი თქმით, ამ მექანიზმის დანერგვა უზრუნველყოფს, რომ მხარეებს შორის სადავო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში, მიმდინარე პროექტები არ შეფერხდეს, მეორე მხრივ, კი აღნიშნული რგოლის გაჩენით თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სასამართლო დავები.
ირაკლი გიორგობიანის თქმით, შესაბამისი ინიციატივა სექტორმა სამთავრობო უწყებებს უკვე გააცნო.
“სამშენებლო ურთიერთობებში და პროექტებში საქართველოში ორი პრაქტიკა გვხვდება - დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში და მეორე – ეროვნული ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში. დაფინანსების წყაროების მიხედვით, კონტრაქტების მართვის მექანიზმი განსხვავებულია. მათ შორის, FIDIC-ის კონტრაქტებში განსაზღვრული არის დავების საბჭო. ამ შემთხვევაში კონტრაქტის მხარე სამია - მათ შორის, დამკვეთი, ინჟინერი და შემსრულებელი. შესაბამისად, თუ წამოიჭრება ისეთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხდება, ეს მიდის დავების საბჭოში, რომელიც არის გარე, დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტებით [დაკომპლექტებული].
ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის საბოლოო და მისი გასაჩივრება შეიძლება, თუმცა ეს პროცესი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზების ეფექტურობის ზრდას დაეხმარება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის მენეჯმენტის ეფექტურობა გაიზარდოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აღმასრულებელი ხელისუფლების კუთხით, რომ გამოვიყენოთ FIDIC-ის პრაქტიკები, რაც აპრობირებული არის. მეორე მხრივ, მას შემდეგ რაც სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის იმპლემენტაცია მოხდება, მას "დავაშენებთ" სწორედ დავების საბჭოს, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას, ააცილებს სექტორს სასამართლოებში სიარულს, მით უმეტეს, სასამართლოს ტექნიკური ექსპერტიზა არ გააჩნია და ეს თავის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილების დროზეც იმოქმედებს”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
