
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის ბულვარის განახლების 3 კონცეფცია განიხილეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ბათუმის ისტორიული ბულვარის განახლების 3 კონცეფცია განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია ბულვარის სასეირნო ზონის და ველობილიკების, გამწვანებული სივრცისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, იმერეთისა და კახეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტისა და კულტურის სამინისტროების, ბათუმის, ჭიათურის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე), არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მდინარე ჭოროხზე ბათუმი–გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებას, რაც ხელს შეუწყობს არსებული სივრცეების ყველა სეზონზე ფუნქციონირებას და ტურიზმის განვითარებას", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაცია/მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის მიზნით კონკურსი 3 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 აგვისტოს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5,5 მლნ ლარია.
კონცეფციები სამმა კომპანიამ წარადგინა: შპს დვ დეველოპმენტმა, შპს ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალმა და შპს ნს სტუდიომ.
საკონკურსო კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ ექსპერტებს/კონსულტანტებს წარმოდგენილი არქიტექტურული კონცეფციების შეფასებისთვის 4 სამუშაო დღე აქვთ.
BM.GE
წყარო: bm.ge