
ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა დიდი ოცეულის წევრები ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე გააფრთხილა
ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბეილიმ G20-ის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს სპეციალური წერილი გაუგზავნა.
ბრიტანელი მაღალჩინოსნის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დახვეწილმა სისტემებმა შესაძლოა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ქაოტური კორექცია გამოიწვიოს. ბეილის შეფასებით, ტექნოლოგიური მოდელების განვითარება კიბერრისკების მასშტაბსა და სისწრაფეს არსებითად ზრდის. ეს ტენდენცია კი გლობალური საფინანსო სისტემის სტაბილურობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.
წერილში განსაკუთრებული ყურადღება მესამე მხარის ტექნოლოგიურ პროვაიდერებზე კონცენტრაციასა და კიბერუსაფრთხოების რეგულაციების არარსებობას დაეთმო. ბეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოების დიდ ნაწილს მოწინავე მოდელების უსაფრთხო დანერგვისა და მონიტორინგის მკაფიო პროტოკოლები ჯერ კიდევ არ გააჩნია. ბანკის ხელმძღვანელის ეს გაფრთხილება OpenAI-სა და Anthropic-ის მიერ შექმნილი ფლაგმანური მოდელების ტესტირებისას უსაფრთხოების ბარიერების დარღვევის გახმაურებულ ფაქტებთან პირდაპირაა დაკავშირებული.
ბრიტანული მარეგულირებლის ხელმძღვანელმა ყურადღება სხვა მაკროეკონომიკურ საფრთხეებზეც გაამახვილა. ბეილის თქმით, სახელმწიფო ვალის ბაზრებზე არსებული სისუსტეები, აქციების ბაზარზე ინვესტორების მხრიდან სესხების გაზრდილი გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის სექტორში აქტივების გადაჭარბებული შეფასება დამატებით გამოწვევებს ქმნის. ამ ფაქტორების ერთობლიობა კი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო აღრმავებს.
ცნობისთვის, აშშ მიმდინარე კვირაში, ჩრდილოეთ კაროლინაში G20-ის სამიტს მასპინძლობს. შეხვედრაზე წამყვანი ეკონომიკების მინისტრები გლობალურ პრიორიტეტებს განიხილავენ. ენდრიუ ბეილი კი მსოფლიო ლიდერებს ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით მიმართავს.
BM.GE
წყარო: bm.ge