
Inter Rao-სთან მიღწეულია შეთანხმება და გაწერილი ვადით მოხდება კომპენსაციის გადახდა - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-სთან განაცხადა, რომ Inter Rao-სთან არბიტრაჟით დაკისრებული კომპენსაციის გადახდა გაწერილი ვადის შესაბამისად ხდება.
ამასთან გიორგი კაკაურიძის თქმით ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე დაკისრებული თანხა, რაც ბოლო მონაცემებით, 111 მილიონი დოლარის ძირს და დაახლოებით 28 მილიონი დოლარის პროცენტს აღწევდა. მხარეებს შორის კომპენსაციის გადახდაზე შეთანხმება 2025 წლის დეკემბერში შედგა და უკანასკნელ ტრანშს მთავრობა 2028 წლის ივლისში ჩარიცხავს. თავდაპირველად Inter Rao დაახლოებით 200 მილიონ დოლარზე დავობდა, საბოლოოდ კი განაჩენი 111 მილიონ დოლარს მოიცავდა, რასაც გადაუხდელი წლებიდან გამომდინარე 28 მილიონ დოლარამდე პროცენტიც ერიცხებოდა. როგორც გიორგი კაკაურიძე აცხადებს, კომპენსაციის გრაფიკით კარგი შეთანხმება იყო მიღწეული და საბოლოო თანხა ჯამურ ვალდებულებაზე ნაკლებია, თუმცა უცნობია თუ რა კლებას მიაღწია ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ.
"ინტერ რაოსთან დაწყებულია, საკმაოდ კარგი შეთანხმება იქნა მიღწეული. უფრო ნაკლები საბოლოო ჯამში, ვიდრე შეთანხმებამდე იდგა ვალდებულება. არის წლებზე გაწერილი და ამის მიხედვით მოხდება ანაზღაურება.
კომერციული საიდუმლოებაა და არ სურს კომპანიას კონკრეტული შეღავათი, რაც მოხდა ის გაასაჯაროვოს," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გადახდა ბიუჯეტიდან ხდება, თუმცა ბიუჯეტის არცერთ მუხლში არაა მითითებული თუ უშუალოდ რა თანხის გადახდა ხდება Inter Rao-ს მიმართ, რადგან აღნიშნული საიდუმლოებას წარმოადგენს.
გადახდის გრაფიკი ასეთია:
• პირველი გადახდა: 2025 წლის 31 დეკემბერი. • მეორე გადახდა: 2026 წლის 10 ივლისი. • მესამე გადახდა: 2026 წლის 31 დეკემბერი. • მეოთხე გადახდა: 2027 წლის 10 ივლისი. • მეხუთე გადახდა: 2027 წლის 31 დეკემბერი. • მეექვსე გადახდა: 2028 წლის 10 აპრილი. • მეშვიდე გადახდა: 2028 წლის 10 ივლისი.
რატომ წააგო საქართველომ საარბიტრაჟო დავა?
გადაწყვეტილება წლების წინ დაწყებულ სატარიფო დავას უკავშირდება. Inter Rao საერთაშორისო არბიტრაჟში დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი.Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.დავის ფარგლებში Inter Rao-ს მიერ მოთხოვნილი თანხა $200 მილიონი დოლარი იყო. კომპანია უთითებდა, რომ მან ამ მოცულობის შემოსავალი დაკარგა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და კურსის გაუფასურების ელექტროენერგიის ტარიფში არ ასახვის გამო, რასაც 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებდა.Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.“2011 წლის 31 მარტს ღსს „ინტერ რაო ეეს“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ 2011–2025 წლებში ქ. თბილისის ელექტროქსელების განვითარებაში, სულ მცირე, 376,4 მილიონი ლარის ინვესტირებას. საპასუხოდ კომპანიას მიეცა არსებული ტარიფების, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუმცირებლობის გარანტია,”- ნათქვამია 2012 წლის მმართველობით ანგარიშში.Inter Rao-ს გრძელვადიანი იჯარით “ხრამი 1” და “ხრამი 2”-ის ჰესები 2000 წელს გადაეცა, 2008 წელს კი კომპანია ამ ჰესების მფლობელი გახდა, სადგურების გაყიდვას სახელმწიფო დათანხმდა, რადგან რუსულმა გიგანტმა მდინარე ხრამზე კიდევ 3 ჰესის აშენების ვალდებულება აიღო, რომლებიც 2016 წლამდე უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში და რომელთა საინვესტიციო მოცულობაც 193 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, ამ სადგურების ჯამური გამომუშავება კი 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო.თუმცა, უკვე 2013 წელს გადაწყდა, რომ კომპანია ამ ინვესტიციას აღარ განახორციელებდა და პროექტს შეაჩერებდა. ეს Inter Rao-ს მიერ ტარიფის შემცირებაზე დათმობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.2013 წლის 31 მარტს კი Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც ტარიფების შემცირებას შეეხებოდა. ტარიფების შემცირება მაშინ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო და ხელისუფლებისთვის ინვესტორის მიერ ტარიფების შესახებ დათმობაზე წასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება იყო. ამასთან, ეს მოხდა იმის ხარჯზე რომ Inter Rao-ს საქართველოში ახალი ჰესის აშენების ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
2013 წლის 31 მარტის მემორანდუმში განისაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი - დადგინდა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე "თელასის" სამომხმარებლო და დისტრიბუციის ტარიფები დაექვემდებარებოდა შემდეგ ნორმებს:
ტარიფის გადახედვა მოხდებოდა მხოლოდ ზემოთ - ინფლაციის ინდექსაციის, გაცვლითი კურსის მერყეობით (ლარი დოლართან და დოლარი იაპონურ იენთან) გათვალისწინებითა და კაპიტალური აქტივების ცვეთის გათვალისწინებით.
თუმცა, 2014 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირებისთვის მიიღო ახალი სატარიფო მეთოდოლოგია; 2015 წელს სემეკმა ტარიფები, მათ შორის "თელასისთვის" დათვალა სწორედ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით და მასში გაცვლითი კურსის გაუფასურების საკითხი არ გაითვალისწინა, რადგანაც ამას მეთოდოლოგია არ მოიცავდა. თუმცა, აღნიშნულით დაირღვა საქართველოს მთავრობასა და Inter Rao-ს შორის 2013 წლის 31 მარტს გაფორმებული მემორანდუმის პირობები, რომელიც მკაფიოდ ადგენდა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე "თელასის" ტარიფების განსაზღვრა სწორედ მემორანდუმის პირობების შესაბამისად მოხდებოდა.
ასევე, სემეკმა ხრამჰესის ტარიფების განახლებისას 2015 და 2017 წლებში გენერაციის ტარიფი დაადგინა ეროვნული მეთოდოლოგიის შესაბამისად, თუმცა Inter Rao მიუთითებდა, რომ ტარიფი მემორანდუმის შესაბამისად უნდა დათვლილიყო და მასში კურსის გაუფასურების კომპონენტიც უნდა ასახულიყო. აღნიშნულის გამო, 2017 წლის 18 აგვისტოს Inter Rao-მ ტარიფების საკითხზე საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავები წამოიწყო და $200 მილიონის კომპენსაცია მოითხოვა.
შესაბამისად, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ და ენერგეტიკის სამინისტრომ Inter Rao-ს ტარიფის შემცირების სანაცვლოდ მისცა პირობა, რომ მომავალში მის ტარიფში ვალუტის კურსის შესაძლო ზარალს გაითვალისწინებდა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა, აღნიშნულიდან გამომდინარე არბიტრაჟმა საქართველოს მხრიდან მემორანდუმის პირობების დარღვევა დაადგინა და Inter Rao-ს მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
BM.GE
წყარო: bm.ge