მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ინტერ რაოს“ სანქცირება საქართველოსთვის რეპუტაციულ და საოპერაციო რისკებს აჩენს - არჩილ მამათელაშვილი
"ინტერ რაოს“ სანქცირება საქართველოსთვის რეპუტაციულ და საოპერაციო რისკებს აჩენს - არჩილ მამათელაშვილი

"ინტერ რაოს“ სანქცირება საქართველოსთვის რეპუტაციულ და საოპერაციო რისკებს აჩენს - არჩილ მამათელაშვილი

BM.GE27 ივლისი, 2026, 20:11|bm.ge

ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილის შეფასებით, „ინტერ რაოს“ დასანქცირება პირდაპირ აისახება კომპანიის საოპერაციო შესაძლებლობებზე - დასავლური ქვეყნები და ბანკები შეეცდებიან, თავი აარიდონ სანქცირებულ სუბიექტთან ნებისმიერ ტრანზაქციას, რაც გაართულებს ევროპული ტექნოლოგიების შესყიდვასა და ფინანსურ მომსახურებას.

როგორც მამათელაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, შეიძლება, პრობლემები შეექმნათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც საქართველოში აწვდიან ტექნოლოგიებსა და მომსახურებას.

„ეს აჩენს რისკებს როგორც ოპერაციებისთვის, ისე პარტნიორობისთვის. „ინტერ რაოს“ სჭირდება ტექნიკა ევროპიდან, დასავლური ქვეყნები კი მათთან საქმეს აღარ დაიჭერენ. პრობლემები შეექმნებათ ბანკებთანაც, რომლებიც სიფრთხილის გამო ქართულ კომპანიებთან ურთიერთობასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ“, - აღნიშნავს მამათელაშვილი BMG-სთან.

ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ როდესაც ქვეყნის ენერგოსისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი სანქცირებული სუბიექტია, ეს ავტომატურად აისახება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ბაზარზე ოპერირებს. მისივე თქმით, რეპუტაციული ზიანი პირველ რიგში საბანკო ურთიერთობებზე აისახება - საერთაშორისო ბანკები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ფინანსურ პროდუქტებსა და გადარიცხვებს სთავაზობენ, ათმაგად ზრდიან კონტროლის მექანიზმებს.

„საერთაშორისო ბანკები უკვე დამატებით სიფრთხილეს იჩენენ ნებისმიერ ჩვეულებრივ ქართველ კომპანიასთან, რომელიც არანაირ კავშირში არ არის სანქციებთან. მათ მუდმივად მოუწევთ იმის მტკიცება, რომ პატიოსნად მუშაობენ და სანქცირებულ კომპანიას დახმარებას არ უწევენ. ეს არის სერიოზული რეპუტაციული ბარიერი“, - აცხადებს მამათელაშვილი.

მისივე თქმით, საყურადღებოა საქართველოს, როგორც მცირე ბაზრის სპეციფიკაც - დიდ ბაზრებზე (მაგალითად, ჩინეთში) ინვესტორი შეიძლება რისკზე წავიდეს დიდი მოგების მოლოდინით, თუმცა საქართველოს შემთხვევაში რისკ-ფაქტორი ხშირად სჭარბობს პოტენციურ სარგებელს.

„რეპუტაციულად ინვესტორებისთვის არ არის სასიამოვნო იმის დანახვა, რომ ქვეყნის წამყვანი ენერგოკომპანია სანქციების საგანია. პატარა ბაზარზე კავშირები უფრო მჭიდროა და ყველაფერი ხელისგულზე ჩანს. ეს აფრთხობს ინვესტორებს დასავლური სამყაროდან, რაც ქვეყანას აიძულებს, ორიენტირი ისევ რუსულ, ჩინურ ან აზიურ კაპიტალზე აიღოს“, - აღნიშნავს მამათელაშვილი.

მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალი სახელმწიფოს მიერ რუსული კომპანიის წილების გამოსყიდვა ან მათი ხელახალი პრივატიზაცია იქნება, რათა ქართული ენერგეტიკა საერთაშორისო იზოლაციას გადაურჩეს.

„მათი [ინტერ რაოს] გამოსვლა არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ყველაზე მარტივი იქნებოდა, სახელმწიფოს გამოესყიდა ეს აქციები. ამ შემთხვევაში კომპანია საერთოდ გადის საქართველოს ენერგობიზნესიდან, მმართველი ხდება სახელმწიფო და პრობლემაც მოიხსნება. სახელმწიფოს კი ვერავინ დაავალდებულებს, რომ ელექტროქსელი არ ამუშაოს“, - აცხადებს მამათელაშვილი.

ევროკავშირის შეფასებით, "ინტერ რაო" რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუბიექტად რჩება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. ამიტომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, კომპანია ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა.

Inter RAO-ს საქმიანობა საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ აქტივს მოიცავს. რუსული ჰოლდინგი საქართველოში არაპირდაპირ ფლობს კომპანია „თელასსა“ და „ხრამჰესი 1/2“-ს ჰოლანდიაში რეგისტრირებული შვილობილი სტრუქტურების მეშვეობით. "თელასის" 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანრი ჯოხაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა შემსრულებლები - „შუამთობისთვის“ აჭარის ტურიზმი ₾107 800-ს გამარტივებული წესით დახარჯავს

ანრი ჯოხაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა შემსრულებლები - „შუამთობისთვის“ აჭარის ტურიზმი ₾107 800-ს გამარტივებული წესით დახარჯავს

BM.GE

ათწლიანი უკუგება, რომლითაც ეს ინიციატივაა დასაბუთებული, ბიზნესისთვის საინტერესო არაა - ასოციაცია გზების-მოვლა შენახვაზე

ათწლიანი უკუგება, რომლითაც ეს ინიციატივაა დასაბუთებული, ბიზნესისთვის საინტერესო არაა - ასოციაცია გზების-მოვლა შენახვაზე

BM.GE

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

BM.GE

ვინ არის ყაზახი მილიარდერი ტიმურ ტურლოვი, რომელსაც მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

ვინ არის ყაზახი მილიარდერი ტიმურ ტურლოვი, რომელსაც მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

BM.GE