
ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან
ვაიომინგის შტატის ქალაქ ჯექსონ-ჰოლში აშშ-ის ცენტრალური ბანკის ყოველწლიური ეკონომიკური სიმპოზიუმი იხსნება, სადაც სიტყვით ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი, კევინ უორში გამოვა.
საერთაშორისო ეკონომისტები, ცენტრალური ბანკირები და ინვესტორები გლობალური ბაზრებიდან ყურადღებით ადევნებენ თვალს FED-ის თავმჯდომარის გამოსვლას, რათა ეკონომიკური ვითარების, ობლიგაციების ბაზარზე არსებული მერყეობისა და აშშ-ისა თუ გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი რისკების შესახებ მეტი დეტალი შეიტყონ.
ამჯერად, მთავარი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა FED-ის არსებული სტრატეგიის შენარჩუნებას, თუ იძულებული გახდება, ინფლაციურ რისკებთან ბრძოლის და საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის შესახებ კონკრეტული ხედვა წარადგინოს.
მოგეხსენებათ, ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დეკემბრის შემდეგ 3.50%-3.75%-ის ფარგლებში აქვს შენარჩუნებული. FED-ის საბჭოს წევრებიდან რამდენიმე განაკვეთის გაზრდას ითხოვს, უმეტესობა კი ისევ შენარჩუნების სტრატეგიას ირჩევს. საინტერესოა, რას ფიქრობს თავად უორში?
ცნობისთვის, ჯექსონ-ჰოლის ეკონომიკური სიმპოზიუმი თითქმის ნახევარი საუკუნეა ტარდება და ცენტრალური ბანკირებისათვის მთავარ სადისკუსიო პლატფორმას წარმოადგენს. წლევანდელი შეხვედრის ოფიციალური თემა ფინანსური ინოვაციებია, თუმცა ძირითადი განხილვები გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მონეტარულ პოლიტიკას დაეთმობა.
საფონდო ბირჟას რაც შეეხება, გასული სავაჭრო სესია ამერიკული ინდექსებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური იყო და საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ, რაც NVIDIA-ს რეკორდულ შედეგებს უკავშირდებოდა, თუმცა დღეისათვის განწყობა გაურკვეველია, რადგან ინვესტორები სწორედ კევინ უორშის მოლოდინში არიან.
თუ უორშის რიტორიკა არ იქნება დამაჯერებელი, სავარაუდოდ, ობლიგაციების განაკვეთები, ოქროს და კრიპტოაქტივების ფასები გაიზრდება; ხოლო ძლიერი FED-ის დანახვის შემთხვევაში, საპირისპირო დინამიკას ვიხილავთ.
BM.GE
წყარო: bm.ge