
IOC-მა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია დროებით შეაჩერა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2023 წლიდან მოქმედი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია დროებით მოხსნა. ეს გადაწყვეტილება რუს სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე და მომავალ ოლიმპიადებზე კვლავ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით იასპარეზონ.
IOC-ის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრებს შორის აღარ არიან იმ რეგიონული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიებს მოიცავდა. IOC-ის ინფორმაციით, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ამ ტერიტორიებზე აღარ ახორციელებს და მომავალშიც არ განახორციელებს საქმიანობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს.
მიუხედავად ამისა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კვლავ გრძელდება და უკვე ოთხ წელზე მეტია მიმდინარეობს. IOC-ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ ორი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.
IOC-ის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას კვლავ არ აქვს სრული ნდობა რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს (RUSADA) მიმართ. ეს უკავშირდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გამოვლენილ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დოპინგსკანდალს. შესაბამისად, რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე დაბრუნებამდე მრავალჯერადი დოპინგ-ტესტირების გავლა მოუწევთ. თუ 2028 წლისთვის RUSADA კვლავ არ იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, სპორტსმენებს დამოუკიდებელი ტესტირების გავლა დაევალებათ.
IOC-ის პრეზიდენტმა კირსტი კოვენტრიმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომიტეტს სურს, სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და ისინი საკუთარი მთავრობის გადაწყვეტილებების გამო არ დაისაჯონ.
„ჩვენ გვინდოდა უზრუნველგვეყო, რომ ყველა სპორტსმენს ჰქონდეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა და არ აგოს პასუხი საკუთარი ხელისუფლების ქმედებებზე. ამასთან, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალადობასა და ომს არ ვუჭერთ მხარს,“ – განაცხადა კოვენტრიმ.
მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფო ჰიმნისა და დროშის გამოყენების საკითხს IOC მოგვიანებით განიხილავს. ამასთან, ორგანიზაცია კვლავ არ ჩაატარებს საკუთარ ღონისძიებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიწვევს ოფიციალურ ღონისძიებებზე.
BM.GE
წყარო: bm.ge