
ირაკლი კირცხალია განმარტავს, რატომ გადაწყვიტეს სიჩქარის გადაჭარბებაზე 1 მაისს გამკაცრებული ჯარიმების შემცირება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტეს სიჩქარის გადაჭარბებაზე 1 მაისს გამკაცრებული ჯარიმების კვლავ შემცირება.
საქმე იმაშია, რომ 2026 წლის 1 მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა დაგეგმილია, რომ 15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით.
კირცხალიას განმარტებით, დააკვირდნენ ამ პერიოდში სტატისტიკას და ნახეს, რომ პრევენციულ ზომებს შედეგი არ მოუტანია.
"ზოგადად ჯარიმა არის სანქცია. შეიძლება იყოს რაღაც განსაზღვრული ოდენობით, შეიძლება 500 ლარიც იყოს, 5000 ლარიც იყოს, მაგრამ ყოველთვის ვამბობთ, რომ ამან უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი. რას ემსახურება ჯარიმა? ნებისმიერი კუთხით ჯარიმა ემსახურება პრევენციულ ზომებს. ამ პრევენციულ ზომებს უნდა ჰქონდეს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს პირველი და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების თვითშეგნებიდან. როდესაც მოხდა ამ ჯარიმების გაზრდა, რა თქმა უნდა დავაკვირდით იმ სტატისტიკას, გაკეთდა ანალიზი. პრემიერმაც გააკეთა ამაზე კომენტარი რომ დავაკვირდით და ის შედეგი, რომლის შედეგსაც ვფიქრობდით ამ კუთხით, არ შეცვლილა ეს სტატისტიკა. ამიტომ როცა პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge