
ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე
ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო ურთიერთობების კუთხით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. როგორც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, პრემიერმა განაცხადა, ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და ასევე პოლიტიკური რესურსები.
"ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ.ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში.
2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45%-ით. იანვარ-აპრილში სამჯერ გაიზარდა ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში. საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49%-ით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ სამეზობლოში გაძლიერდეს თანამშრომლობა.
"გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში", - განაცხადა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge