
ირაკლი რუხაძე ხსნის, რატომ ვერ ყიდის "ქართულ ცემენტს"
Hunnewel Partners-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში მისი ჰოლდინგის მიერ "ქართული ცემენტის" (ჰანიველ ცემენტის) გაყიდვის პროცესის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანიის წლიურმა მოგებამ გადააჭარბა 50 მილიონ დოლარს, მათ მისი გაყიდვისთვის მზადება დაიწყეს და დაიქირავეს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Rothschild & Co, რომელმაც სხვადასხვა ინვესტორებს "ქართული ცემენტის" წილი შესთავაზა.
როგორც რუხაძე აღნიშნავს, მიღებული შეთავაზებები არ იყო მათთვის მიმზიდველი, რასაც პირველ რიგში საქართველოს შესახებ აღნიშნულ პერიოდში გავრცელებული ცნობები განაპირობებდა. ასეთ ინფორმაციებს შორის რუხაძე ასახელებს ოპოზიციის წარმომადგენელთა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში რუსული ფული ტრიალებს და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს. ირაკლი რუხაძის თქმით, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკური პროცესები და განცხადებები მოქმედებს ბიზნესზე და მათი ღირებულების კლებას განაპირობებს.
„პოლიტიკა, რომელიც მე ბიზნესში ხელს მიშლის - თანაც მარტო მე კი არა - თუ ბანკის ღირებულება დამიგდო, მე ეს იმიტომ ვიცი, რომ Raiffeisen Bank მყავდა აყვანილი გაყიდვის პროცესში და იგივე შემიძლია ცემენტზეც მოვყვე. ცემენტშიც, როცა გარკვეულ პარამეტრებს მიაღწია კომპანიამ, გაყიდვისთვის ავიყვანეთ Rothschild-ის ბანკი და ის გვეხმარება გაყიდვაში. ორივეგან მაქვს ეს პრობლემა.
თუ ეს პრობლემა მე მაქვს - ირაკლი რუხაძეს, რომელსაც წილი ეკუთვნის „ჰანიველ ცემენტში“ და Liberty Bank-ში - ეს ნიშნავს, რომ ღირებულებას უგდებს ყველა სხვა ბიზნესმენს საქართველოში. მე ამაზე ერთ შეხვედრაზე ვთქვი კიდეც, ბიზნესმენების შეხვედრა იყო - მოვყევი, რა მოხდა ცემენტის გარშემო, რა ბიდები (შემოთავაზებები) მივიღეთ და ვთქვი: თუ ეს მე მომდის (ბიზნესის ღირებულების შემცირება), ეს ყველას მოგდით. უბრალოდ, თქვენ არ იცით, იმიტომ რომ ბაზარზე არ გასულხართ და არ ცდილობთ გაყიდვას. მაგრამ თუ მე ეს მომივიდა ბანკში და ცემენტში, ეს ნიშნავს, რომ ყველას დაგიგდეს ღირებულება.
როდესაც აქედან გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანული კომპანია (Heidelberg) გააგდეს და პროექტებს მხოლოდ ჩინელებს აძლევენ, ეს ყველას გიგდებთ ბიზნესის ღირებულებას.
ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, რომ საბანკო სისტემა უნდა დასანქცირდეს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს. ასეთ დროს უცხოელი ინვესტორი ამ ქვეყანაში არ შემოვა.
ეს ირაკლი რუხაძეს კი არ ურტყამს, ეს ურტყამს ყველა ბიზნესმენს, მერე ყველა დასაქმებულს, მათ ოჯახებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ვლაპარაკობ ამაზე, არა იმიტომ, რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკო, ვინმე შევაქო ან გავაკრიტიკო, არამედ იმიტომ, რომ ბიზნესის კუთხით ეს ძალიან გვირტყამს,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ამ დროისთვის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ი, რომელსაც ის ბიზნესპარტნიორებთან - ბენჯამინ ალბერტ მარსონთან და იგორ ალექსეევთან ერთად ფლობს, საქართველოში ეკუთვნის 45.45%-ის წილი ქვეყნის უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელ კომპანია "ჰანიველ ცემენტში". ცნობისთვის, ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".
ამ დროისთვის "ქართულ ცემენტს" გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.
"ქართული ცემენტი" ამასთან, კასპში მდებარე ქარხნის გაფართოებას და საწარმოო სიმძლავრის ზრდას გეგმავს, რომელიც 378,000 ტონა კლინკერს (ცემენტის ნედლეულს) აწარმოებს და კომპანიის ჯამურ ტექნიკურ შესაძლებლობას წელიწადში 1,863,000 ტონამდე გაზრდის.
BM.GE
წყარო: bm.ge