
ირანის ომის გამო, გერმანიამ საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი €87 მლრდ-ით შეამცირა
გერმანიის საგადასახადო ექსპერტთა საბჭომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეამცირა.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული პროგნოზების თანახმად, წინა პროგნოზთან შედარებით, პანელმა 2026-2030 წლების პერიოდისთვის მთლიანი საგადასახადო შემოსავლების შეფასება 87.5 მილიარდი ევროთი შეამცირა.
ექსპერტთა პანელის პროგნოზით, მიმდინარე წელს ფედერალური შემოსავლები 382 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 9.9 მილიარდი ევროთი ნაკლებია ოქტომბერში გაკეთებულ პროგნოზზე. 2027 წლისთვის ფედერალური საგადასახადო მოსალოდნელი შემოსავალი ახლა უკვე 395 მილიარდი ევროა, რაც 10.1 მილიარდი ევროთი ნაკლებია წინა მოლოდინებზე.
ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა დანაკლისის მთავარ მიზეზად ირანის ომი დაასახელა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მთავრობა კვლავ ზომიერ ეკონომიკურ აღმავლობას ელოდა.
"აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უპასუხისმგებლო ომი და ამის შედეგად გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული ფასების შოკი დროებით ანელებს პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკას. ომი ფული გვიჯდება", - თქვა მან და დასძინა, რომ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების შემთხვევაში, მთავრობა მზად არის ნებისმიერ დროს იმოქმედოს.
პროგნოზის შემცირება ემატება იმ ფისკალურ სურათს, რომელიც სარეკორდო მოცულობის დანახარჯებით ისედაც დაძაბულია. გასულ კვირას კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 196.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის აღებას და თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.1%-მდე გაზრდას ითვალისწინებს (ნატოს ვალდებულებების შესაბამისად).
კლინგბაილის თქმით, შემოსავლების ახალი პროგნოზები მთავრობის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია. მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებითი წმინდა დანაზოგის საჭიროებას ხედავს.
მინისტრის მოლოდინით, მიმდინარე წელს წმინდა შემოსავლების დანაკლისი დაახლოებით 5 მილიარდი ევრო იქნება. მისი თქმით, ამ სხვაობის მართვა ბოლოდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების ფარგლებში არის შესაძლებელი.