
ირანმა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ითხოვა - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სრულმასშტაბიანი ომის განახლების საკითხზე მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ირანულ მხარეს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს და ტრამპს თხოვნითაც მიმართავს.
მისი თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანულ სამხედრო ობიექტებზე ძლიერი იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც თეირანმა მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სანდოობას, თუმცა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ამერიკული მხარე სამხედრო გამარჯვებას სწრაფად მოიპოვებს.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მორიგი საჰაერო იერიშები განახორციელა, რაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ დაიგეგმა. ორდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ამერიკულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 170 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს, რის შემდეგაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თეირანისთვის ნავთობის გაყიდვის უფლების მიმცემი საგამონაკლისო შეღავათი გააუქმა. საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები მხარეებს შორის მანამდე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს, ქვეყნის შეიარაღებული ძალები კი სუვერენიტეტის დასაცავად საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.
BM.GE
წყარო: bm.ge