
ირანში ომის ფონზე, Lufthansa-ს საწვავის ხარჯი თითქმის €1.7 მილიარდით ეზრდება
გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa წელს საწვავის დამატებით 1.7 მილიარდი ევროს ხარჯებს ელის, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი "უზარმაზარ გამოწვევებს" ქმნის - წერს CNBC.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშში ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ავიასაწვავის მარაგის 80% ჰეჯირებული აქვს. 2026 წელს კომპანია 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს პროგნოზირებს, რის კომპენსირებასაც ხარჯების დაზოგვის ზომებითა და ბილეთების გაყიდვებიდან გაზრდილი შემოსავლებით გეგმავს.
Lufthansa-ს ცნობით, პირველ კვარტალში მისმა კორექტირებულმა საოპერაციო ზარალმა 612 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო შემოსავალი წინა წლის ანალოგიური პერიოდის 8.1 მილიარდი ევროდან 8%-ით გაიზარდა და 8.7 მილიარდ ევროს მიაღწია. წმინდა მოგებამ 665 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 885 მილიონი ევრო იყო.
"პირველ კვარტალში ფინანსური შედეგები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი, საწვავის გაზრდილ ხარჯებსა და საოპერაციო შეზღუდვებთან ერთად, უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის მთელ მსოფლიოს, გლობალურ საჰაერო მიმოსვლას და ჩვენს კომპანიასაც. თუმცა, ჩვენ მედგრად ვხვდებით ამ გამოწვევებს და მათი გავლენის შერბილების უნარი გვაქვს", - განაცხადა Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა.
ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადის გამო ევროპა ავიასაწვავის კრიზისის წინაშეა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფათიჰ ბიროლმა გასულ თვეში განაცხადა, რომ კონტინენტს მარაგების ამოწურვამდე სულ რამდენიმე კვირა აშორებს.
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებით, მარტის ბოლოს ავიასაწვავის ფასები წინა თვესთან შედარებით 103%-ით იყო გაზრდილი.
Lufthansa-მ უკვე გააუქმა მოკლე მანძილზე 20 000 ფრენა, 40 000 ტონა ავიასაწვავის დაზოგვისა და არამოგებიანი მარშრუტების ამოღების მიზნით.
ამავდროულად, საწვავის ხარჯების ზრდამ ევროპის სხვა ავიაკომპანიებიც დააზარალა. ბრიტანულმა გადამზიდავმა EasyJet-მა განაცხადა, რომ მარტში საწვავის დამატებითი ხარჯების სახით 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. 31 მარტს დასრულებული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში მისმა ჯამურმა ზარალმა 560 მილიონ ფუნტამდე შეადგინა.
ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ მომხმარებლები ბილეთებს უფრო გვიან ჯავშნიან, ხოლო წლის დარჩენილი პერიოდის ჯავშნები წინა წელთან შედარებით უფრო სუსტია. EasyJet-საც ზაფხულის საწვავის მარაგის 70% ჰეჯირებული აქვს, რაც დარჩენილ 30%-ს საწვავის ცვალებადი ფასების მიმართ მოწყვლადს ხდის.
IEA-ს ხელმძღვანელმა ბიროლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოგზაურობის პიკური სეზონის მოახლოებასთან ერთად, ავიასაწვავზე მოთხოვნა მარტთან შედარებით 40%-ით მეტი იქნება. ევროპის ავიასაწვავის დაახლოებით 75%-ს ახლო აღმოსავლეთის გადამმუშავებელი ქარხნები უზრუნველყოფენ.
BM.GE
წყარო: bm.ge