
ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს
ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, ბოლო ფრენა 20 სექტემბერს ფიქსირდება.
8 სექტემბერს აშშ-მა ირანულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ 27 ავიაკომპანიას შორის 5 საქართველოდანაც ასრულებდა ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სანქციების შესაბამისად ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა შეეზღუდებათ.
"ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კითხვას.
„იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი“, - განაცხადა კობახიძემ.
ირანული ავიაკომოანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:
• Air Shiraz • Asa Jet Airline • Ata Airlines Company • Atlas Aviation Group • Ava Airlines • Chabahar Airlines Company • Erwan Airline Company • Fly Kish Airlines • Fly Persia Airlines • Iran Air Tour • Iran Aseman Airlines • Jsky Airlines • Kish Airlines • Karun Airlines Company • Lad Airways • Mehr Airways • Nasim Air • Pars Oghyanous Kish Company • Qeshm Air • Raimon Airways • Saha Airlines • Sepehran Airlines • Soroush Air • Taban Airlines • Toos Airlines • Varesh Airlines • Zagros Airlines
BM.GE
წყარო: bm.ge