
შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი
"გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამაინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე. წ. სავაჭრო მისიაში.
„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნეს-კავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge