
ის, რომ სიტუაცია უკეთესი იქნება, ცალსახაა - გია არაბიძე დენის იმპორტში შუამავლების გამოთიშვაზე
პრინციპი, რომ ელექტროენერგიის იმპორტში კერძო სექტორი არ მონაწილეობდეს, კარგი არაა, თუმცა როგორც ჩანს, შუამავალ კომპანიებს შორის არავითარი კონკურენცია არ იყო - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის იმპორტიდან შუამავალი კომპანიების გამოთიშვასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს.
როგორც გია არაბიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, პრემიერის განცხადება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუიაფდება, რაც შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფზეც დადებითად აისახოს.
თუმცა ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ კონკრეტული გათვლების გაკეთება რთულია, რადგან ე.წ შუამავალი კომპანიების საქმიანობის, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა ფასად შემოჰქონდათ მათ ელექტროენერგია ქვეყანაში, ინფორმაცია ცნობილი არაა
“ორი მიმართულებით მინდა შევაფასო გადაწყვეტილება, რაც პრემიერ-მინისტრისაგან მოვისმინეთ. პირველი, ეს გახლავთ, ის რომ ლიბერალური ეკონომიკის პირობებში შუამავალი ფირმების და ბაზარზე მომუშავე კომპანიების აკრძალვა არ არის მიღებული და ჩვენ ლიბერალური ეკონომიკისკენ მივდივართ. ლიბერალური ეკონომიკიდან გამომდინარე, რაც მეტი იქნება ბაზარზე შუამავალი კომპანია, მით დიდი იქნება კონკურენცია და გაცილებით მეტი იქნება ალბათ მოგება სახელმწიფოსათვის ფასების შემცირების გამო.
[თუმცა] როგორც პრემიერმა განაცხადა, ჩვენთან რატომღაც ეს სქემა ნაკლებად მუშაობს. იმიტომ რომ ალბათ მთავრობამ იცის, რომ ამ ღონისძიებების დანერგვის შედეგად რამდენიმე მილიონი ლარი დაეზოგება სახელმწიფოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შუამავალ კომპანიებს შორის არავითარი კონკურენცია არ არსებობს და სახელმწიფოს შეუძლია უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოს ელექტროენერგია და შემოიტანოს ქვეყანაში, ვიდრე შუამავალ კომპანიებს. თუ ეს ასეა და ალბათ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს ენერგოკომპანიებს იმ კუთხით, რომ ან სამომხმარებლო ტარიფი შემცირდება, რაც მოსახლეობისთვისაც ძალიან კარგია, ან ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი.
მეორე მიმართულება გახლავთ ის, რომ ჩვენ წლის განმავლობაში მაქსიმუმ მილიარდიდან მილიარდ-ნახევრამდე კილოვატ-საათი ელექტროენერგიის შემოტანა გვჭირდება. ამ მილიარდ-ნახევარში შედის შემოტანილი ელექტრო ენერგია, რომელიც იმპორტად ითვლება საქართველოში და სწორადაც თვლიან იმპორტად, რომელიც სამაჩაბლოს ხმარდება და ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ. ამავე მილიარდ-ნახევარში შედის აფხაზეთის ელექტრომომარაგება სალხინოდან ნაკადულით, რომელსაც ვერ ვარეგულირებთ. დაახლოებით 900-მილიარდ კილოვატ-საათამდე არის დანარჩენი საქართველოსათვის იმპორტირებული ენერგია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აკონტროლებს და სემეკი არეგულირებს.
თვითონ ეს ციფრი არ არის ძალიან დიდი ცოტა გასაკვირია ჩემთვის, რა მოგებას ნახულობდნენ ამხელა შუამავალი კომპანიები. როგორც ჩანს, ფასთა სხვაობა ალბათ დიდი იყო და ამის გამო განაცხადა პრემიერმა, რომ რამდენიმე მილიონი ლარი დაიზოგება ამ შუამავალი კომპანიების გაუქმების შედეგად.
რომ შევაჯამოთ - პრინციპი, რომ შუამავალი კომპანიები არ იყოს და კერძო სექტორი არ მონაწილეობდეს ელექტროენერგიის შემოტანაში, არ არის კარგი, მაგრამ ის, რომ შუამავალ კომპანიებს შორის არავითარი კონკურენცია არაა და მათ მიერ შემოტანილი ენერგია უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სახელმწიფოს მიერ შემოტანილი, ეს ძალიან ცუდია. მე ამას ზეპირად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ ვიცი, რა ფასად შემოჰქონდათ შუამავალ კომპანიებს ელექტროენერგია და რა ფასად აძლევდნენ მას საბითუმო ბაზარს, ეს ციფრი არ ვიცი, იმიტომ რომ საქართველოში რატომღაც ყველაფერი კომერციული საიდუმლოებაა ამ მიმართულებით, თანაც ხელშეკრულების მეორე მხარის მოთხოვნით. მაგრამ რახან პრემიერმა განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ შუამავალი კომპანიების საქმიანობის შეჩერებით ჩვენ გარკვეულ მოგებას მივიღებთ ამ საქმიანობიდან.
ის, რომ სიტუაცია უკეთესი იქნება ცალსახაა, იმიტომ რომ ან სამომხმარებლო ტარიფი იხეირებს ამით, ან შესასყიდი ფასი დაიწევს, რაც განაპირობებს ენერგოკომპანიებისთვის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მომატებას, თუ ამ შუალედურ კომპანიებს ძალიან დიდი მარჟა ჰქონდათ ელექტროენერგიის ფასებს შორის”, - განაცხადა გია არაბიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge