
ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა
ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა. საუბარია 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ქარდზე - წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
ISFED-ი წერს, რომ მოცემულ პოსტში ივანიშვილის გამოსახვას სოციალური მედიის მომხმარებელ მოქალაქეებში ძირითადად უარყოფითი ინტერაქცია, მათ შორის კრიტიკული და სარკასტული კომენტარები და სიცილის რეაქციები, მოჰყვა. მოგვიანებით პოსტის რეაქციებს შორის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მყისიერად გაიზარდა მოწონებების რიცხვი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პოსტზე ინტერაქცია მასშტაბურად და კოორდინირებულად იყო ხელოვნურად გაზრდილი.
"მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად. ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა", - წერს ISFED-ი.
ISFED-ის მოკვლევით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ ყალბ პროფილებს შორის ხშირია შემთხვევები, როდესაც ათეულობით ანგარიში შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან ერთმანეთისგან რამდენიმე დღის შუალედში.
მონიტორინგის ფარგლებში გამოავლინეს ასევე მრავალი შემთხვევა, როდესაც პროფილები იყენებდნენ სხვა ადამიანების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ წყაროდან იყო აღებული.
გარდა ამისა, გამოვლენილია არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დროს შექმნილი და ერთმანეთისგან განსხვავებული სახელებით მოქმედი ანგარიშები ერთსა და იმავე პროფილის ფოტოს იყენებდნენ. ასეთი პრაქტიკა მიუთითებს, რომ ანგარიშების ქსელები შესაძლოა, ერთი წყაროდან იმართებოდნენ ან ერთიანი ბაზიდან შერჩეულ ვიზუალურ მასალას იყენებდნენ.
"მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყალბი ანგარიშების ნაწილი მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის კონტენტთან ურთიერთქმედებით არ შემოიფარგლება. ისინი, ასევე, გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის, მათ შორის ყალბი მიმოხილვებისა და შეფასებების დასაწერად", - წერს ISFED-ი.
BM.GE
წყარო: bm.ge