
ისრაელმა Lockheed Martin-ისა და Boeing-ის გამანადგურებლების შესყიდვის კონტრაქტი დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ Lockheed Martin-ისა და Boeing-ის წარმოებული F-35 და F-15IA ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა. შესყიდვების სამთავრობო კომიტეტმა პროექტს "მწვანე შუქი კვირას აუნთო".
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად შექმნილი 350 მილიარდი შეკელის (დაახლოებით $119 მლრდ.)
ღირებულების პროგრამის ნაწილია. როგორც ირკვევა, გადადგმული ნაბიჯი მიზნად რეგიონში საჰაერო უპირატესობის შენარჩუნებასა და მომავალი ათწლეულის გამოწვევებისთვის მომზადებას ისახავს.
ახალი შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა F-35 ტიპის გამანადგურებლების მეოთხე ესკადრილიას და F-15IA-ის მეორე დანაყოფს შეიძენს. თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ამირ ბარამის განცხადებით, უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრირება ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო უპირატესობას უზრუნველყოფს. ბარამის თქმით, ირანთან ომმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამედროვე ავიაციის გადამწყვეტი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისად, ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაა საჭირო.
თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ახალი შეიარაღება ქვეყნის საჰაერო ძალებში ტექნოლოგიურ ნახტომს გამოიწვევს. ავიაცია ავტონომიური ფრენის შესაძლებლობებსა და მომავალი თაობის თავდაცვის სისტემებს აითვისებს. მისი თქმით, პროექტი კოსმოსურ სივრცეში ისრაელის დომინანტური პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. კაცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებს ნებისმიერ დროსა და ადგილას ოპერირების ძალა უნდა ჰქონდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge