
ისტორიაში პირველად, აშშ-ში სადღესასწაულო სეზონზე საცალო გაყიდვები $1 ტრილიონს გადააჭარბებს - CNBC
მაკროეკონომიკური წნეხისა და მომხმარებელთა სიფრთხილის მიუხედავად, მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე აშშ-ში საცალო გაყიდვების წლიური ზრდაა მოსალოდნელი, რადგან დანახარჯები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
გამოცემა CNBC საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-ს ყოველწლიურ პროგნოზზე დაყრდნობით წერს, რომ სადღესასწაულო საცალო გაყიდვები ისტორიაში პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც 4.5%-იან ზრდას ნიშნავს. პროგნოზით, ზრდის ძირითადი წილი (70%) ფიზიკურ მაღაზიებში გაყიდვებზე მოდის, თუმცა ელექტრონული კომერცია ბაზრის წილის გაზრდას განაგრძობს.
საპროგნოზო ანგარიშის თანახმად, სადღესასწაულო დანახარჯებს ხელს უწყობს გდასახადების დაბრუნებების (tax refunds) ზრდა, რაც წელს 43 მილიარდი დოლარით (წლიურად 17%-ით) გაიზარდა და მომხმარებელთა საფულეებში მეტი ნაღდი ფული გააჩინა. ამის მიუხედავად, ანგარიშში აღნიშნულია Bank of America-ს შეფასება, რომლის მიხედვითაც, ამ სარგებლის ნახევარი უკვე გაძვირებულ საწვავზე დაიხარჯა, რამაც ოჯახების ბიუჯეტები საგრძნობლად შეზღუდა.
Bain-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დანახარჯების საერთო მატებას ინფლაცია განაპირობებს, რომელზეც ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის. შესაბამისად, რეალურად გაყიდული საქონლის რაოდენობრივი ზრდა იმაზე მოკრძალებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კატეგორიები, რომლებიც ინფლაციამ ყველაზე მეტად დააზარალა და სადაც გაყიდული ერთეულების კლება დაფიქსირდა, მოიცავს საკვებსა და სასმელებს, ავეჯს, ასევე ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებებს.
პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) უახლესმა ანგარიშმა - ფედერალური რეზერვის ინფლაციის მთავარმა ინდიკატორმა - აჩვენა, რომ სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა: 12 თვის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა, მაშინ როდესაც ეკონომისტები 3.7%-იან მატებას ელოდნენ.
Bain-ის მსგავსი მოლოდინი აქვს Deloitte-საც და აცხადებს, რომ სადღესასწაულო საცალო გაყიდვები წელს 1.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მომხმარებლები ფულის ხარჯვისას უფრო შემოქმედებით მიდგომებს გამოიყენებენ - მათ შორის აქტიურად მოძებნიან ფასდაკლებებსა და აქციებს.
"იმის გამო, რომ ადამიანები საკუთარი ფულიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ, შემოსავლის ყველა დონეზე შეიმჩნევა ეკონომიური ქცევა - მათ შორის ბრენდებისა და მაღაზიების შეცვლა და ფასდაკლებების გამოყენება ხარჯების სამართავად", - განაცხადა Deloitte-ის ვიცე-თავმჯდომარემ და აშშ-ის საცალო ვაჭრობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნატალი მარტინიმ. ეს ქცევა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მიუდგებიან მყიდველები მიმდინარე სადღესასწაულო შოპინგს.
ამ ტენდენციას ადასტურებს Adobe-ს სადღესასწაულო შოპინგის ანგარიშიც, რომელიც წელს ზრდის მთავარ მამოძრავებლად სწორედ ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის ძიებას მიიჩნევს. კომპანიის პროგნოზით, სერვისით "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით" (Buy Now, Pay Later) განხორციელებული დანახარჯები რეკორდულ 21.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რადგან მომხმარებლები ფინანსებს უფრო გააზრებულად ანაწილებენ.
ქცევის შეცვლის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ სალაროსთან მომხმარებელთა კალათები შეთხელებულია, თუმცა ისინი მაღაზიებში უფრო ხშირად დადიან, განსაკუთრებით სურსათის საყიდლად - ნათქვამია AlixPartners-ის ანგარიშში. გარდა ამისა, ადამიანები პრემიუმ ბრენდებიდან ქსელების კერძო ეტიკეტებზე გადადიან და ნაკლები რაოდენობის, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტებს ყიდულობენ.
მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტიც იქნება. Adobe-ს მონაცემებით, აგვისტოში საცალო სავაჭრო საიტებზე ხელოვნური ინტელექტიდან შემოსული ტრაფიკი წლიურად 127%-ით გაიზარდა, მთელი სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში კი 130%-იანი, ხოლო მადლიერების დღეს 141%-იანი წლიური ზრდაა მოსალოდნელი.
PwC-ის ანგარიშის თანახმად, წელს მყიდველთა 29% გეგმავს AI-ის გამოყენებას სადღესასწაულო შოპინგის რომელიმე ეტაპზე, რაც გასული წლის მაჩვენებელზე (22%) მეტია. თუმცა მიზნები მრავალფეროვანია: მომხმარებელთა 75% AI-ს პროდუქტების მოსაძიებლად იყენებს, ხოლო 55% - ფასების შესადარებლად.
ამასთანავე, PwC აღნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოცდის მაღალი ინტერესის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა პროდუქციას ჯერ კიდევ არ ყიდულობს უშუალოდ AI პლატფორმების მეშვეობით.
"ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი სავაჭრო ცენტრში მყოფი მცოდნე მეგობრის თანამედროვე ეკვივალენტია და არა თავად სალარო აპარატი", - ნათქვამია PwC-ის ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge