
იურიდიული კომპანია Kirkland-ი საკუთარი AI-ს შესაქმნელად $500 მილიონს გამოყოფს
ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Kirkland & Ellis-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებისთვის $500 მილიონი გამოყო. იურიდიულ სექტორში ტექნოლოგიური ხარჯების ზრდის ფონზე ფირმა ინვესტიციის განხორციელებას მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. პირველ ეტაპზე, 2026 წელს, პროექტში $100 მილიონი დაიხარჯება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ახალი სისტემის დიზაინი Kirkland-ის 250 იურისტის მონაცემებს დაეფუძნება. პარალელურად, პროცესში კომპანიის შიდა და გარე რესურსით 180-ზე მეტი ტექნოლოგიური პროფესიონალი ჩაერთვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Kirkland & Ellis-ი მესამე მხარის მიერ შექმნილი სისტემების ლიცენზიების გამოყენებას მაინც გააგრძელებს.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში იურიდიულმა ფირმებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად დაიწყეს. იურიდიული ფირმა Brownstein Hyatt-ის დირექტორის, ენდრიუ ჯონსონის განმარტებით, ხუთი წლის წინ ბაზარს მსგავს ტექნოლოგიებთან მუშაობის ეშინოდა, თუმცა ახლა ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი.
და მაინც, ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ იურისტების მიერ ხელოვნური ინტელექტის მზარდი მოხმარებამ მონაცემთა უსაფრთხოების რისკები მკვეთრად შეიძლება გაზარდოს. მათი შეფასებით, ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლოა შექმნას ის არარსებული იურიდიული წყაროები, რომლებიც სასამართლო პრაქტიკაში ფაქტების დამახინჯებას იწვევს. მსგავსი შემთხვევების ფონზე ამერიკელმა მოსამართლეებმა იურისტები უკვე არაერთხელ დაასანქცირეს. სასჯელი დაეკისრათ იმ ადვოკატებს, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები სრულყოფილად არ შეამოწმეს. გასულ თვეს იურიდიულმა ფირმა Sullivan & Cromwell-მა ფედერალურ მოსამართლესთან სასამართლო დოკუმენტებში დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშიც მოიხადა.
შეგახსენებთ, ჩიკაგოში დაფუძნებული იურიდიული კომპანია Kirkland & Ellis-ი წამყვანი და გავლენიანი ფირმაა. გლობალური მასშტაბით ის ათასობით იურისტს აერთიანებს. გასულ წელს მისმა შემოსავალმა $10.6 მილიარდი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge