
"ივანიშვილმა ჩათვალა, რომ "ობშიაკიდან" ფული მოუტეხეს"|კორუფციასთან ბრძოლა თუ გავლენების განაწილება?
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ანტიკორუფციული კამპანია და „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის დავით ფერაძის წინააღმდეგ სუს-ის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რეალურად, არა - კორუფციის აღმოფხვრას, არამედ მმართველ გუნდში გავლენებისა და ფინანსური ნაკადების გადანაწილებას ემსახურება.
17.4 მილიონი ლარის, 22,120 ტონა მეტალის მითვისება და ჯართში ჩაბარება - რას ედავებიან რკინიგზის ყოფილ CEO დავით ფერაძეს
ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, პროცესები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მიზნად ისახავს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ექსხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის შანტაჟს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას "საერთო სალაროდან ფული მოუტეხეს".
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება დამატებითი ჩვენებების მიღებას ან ლილუაშვილის ან ღარიბაშვილის, ან ორივეს მიმართ. ეს არის და ეს. ეს არის შანტაჟი... ბიძინა ივანიშვილმა რატომ გასცა ეს ნებართვა? - როგორც ლილუაშვილის, ისევე ღარიბაშვილის შემთხვევაში ჩათვალა, რომ მას საერთოდან ანუ "ობშიაკიდან" - სამწუხაროდ, ეს ტერმინი უნდა ვიხმაროთ - ფული მოუტეხეს. არანაირი საქართველოს მიმართ ზარალის მიყენებაზე საუბარი არ არის“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
მისივე შეფასებით, დავით ფერაძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არის მხოლოდ „ერთი კონკრეტული ბიჭის დაჭერა“, რაც რეალურ სისტემურ კორუფციას არ აჩერებს.
"მე არ ვიცი, კონკრეტულად, ჯართის ბიზნესი... რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა და ესეც გარკვეული ქონების გაფლანგვაა საქართველოს რკინიგზის, მაგრამ ასობით მილიონზე როცა გვაქვს ლაპარაკი და იჭერ კონკრეტულად ერთ ვიწრო თემას, ეს ნიშნავს, რომ ის ძირითადი კორუფციული სქემა ფუნქციონირებს, მუშაობს. უბრალოდ, ახალი ხელმძღვანელობაა; ახალ ხელმძღვანელობას ახალი ადრესატები ჰყავს, საიდანაც უნდა მიიტანოს წილი და ახალი ინტერესები, რომელსაც ახალი მფარველები ჰყავს“, - აღნიშნა მან.