
ყველა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ის გადასახდელი, რა ხარჯსაც იწვევს - ვანო მეჭურჭლიშვილი მესტიის გამრიცხველიანებაზე
სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი აცხადებს, რომ სვანეთში მაინინგისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური საერთო ჯამში მომხმარებლებს აწვებოდა. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, გამრიცხველიანების საკითხში სემეკიც ჩართულია.
"აქ ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ის გადასახდელი, რა ხარჯსაც თვითონ იწვევს. შესაბამისად, ანუ, თუ თვითონ არ გადაიხდის, ნიშნავს, რომ სხვამ უნდა გადაიხადოს ეს, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური დარგი. შესაბამისად, ანუ, ძალიან ლოგიკურია და, ასე ვთქვათ, მარეგულირებელი კომისია ამ პროცესში ჩართულიც არის და ვაკვირდებით ამ მიმართულებას.
ამ მიმართულებით მუდმივად იყო გარკვეული მოქმედებები, მუდმივად ხდებოდა თვითონ ენერგო-პროს მხრიდან სხვადასხვა ეტაპებზე გამრიცხველიანება, ქსელზე, ანუ, რეაბილიტაციები, მაგრამ ვართ ახლა იქ, რა მოცემულობაც არის. შესაბამისად, იყო გარკვეული წინსვლა და იყო გარკვეული წინააღმდეგობებიც",- განაცხადა მან.
კითხვაზე, რამდენად მოქმედებდა მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება, რომლის საფასურის გადახდაც არ ხდებოდა, ტარიფის დადგენაზე, ვანო მეჭურჭლიშვილი აცხადებს, რომ ეს გავლენას ახდენდა: "საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს იხდის მომხმარებელი",- აღნიშნა მან.
მთავრობის მიერ, 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობა გამრიცხველიანდება.
BM.GE
წყარო: bm.ge