
ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5%-ია - სებ
ივლისის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი 13.5%-ია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათი ცნობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ დოლარს მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
"2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5%-ს (1 მილიარდ 014 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს", - აცხადებენ სებ-ში.
მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვი დამატებით გაზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge