
ივნისის სიცხის ტალღამ ევროპაში 10,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
Reuters-ის ცნობით, ივნისის ბოლოს დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული რეკორდული სიცხის ტალღის შედეგად 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებით, ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა უკვე 10,650 შეადგინა. სტატისტიკა კი 27 ქვეყნის მონაცემებს დაეყრდნო და ის 22-დან 28 ივნისამდე პერიოდს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა, 9,000-ზე მეტი პირი, 65 წელს გადაცილებული იყო. დანიის წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტის მთავარი ექიმის, ლასე ვესტერგარდის განცხადებით, წლის ამ დროს მსგავსი მაჩვენებლის დაფიქსირება უჩვეულოა. მისივე თქმით, ჭარბი სიკვდილიანობის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა ფაქტორებით თითქმის შეუძლებელია.
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც ივნისის ბოლო კვირაში სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მაისსა და ივნისში მხოლოდ ინგლისსა და უელსში სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 2,700 ადამიანი დაიღუპა.
კლიმატოლოგების შეფასებით, კლიმატის გლობალური ცვლილების გარეშე მსგავსი ანომალიის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
BM.GE