
ივნისში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებაზე?
2026 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9%-იანი მატება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 15.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.6%); • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.8%) და ძირითად ლითონებზე (10.6%); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.46 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2026 წლის მაისთან შედარებით ფასები 5.8%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.45 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.9%), რამაც -0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
გარდა ამისა, ფასების 3.3%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა.