
Jaguar-მა ახალი ელექტრო GT ავტომობილის სახელწოდება გაამხილა
Jaguar-მა, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად “ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს, ახალი ოთხკარიანი ელექტრო GT ავტომობილის სახელწოდება ოფიციალურად გაასაჯაროვა - მას Jaguar Type 01 ერქმევა. ბრენდისთვის ეს მოდელი ახალი ეპოქის დასაწყისია. კომპანიაში აცხადებენ, რომ Type 01-ში მომავლის Jaguar-ის ყველა კომპონენტია თავმოყრილი. მათ შორის: გამორჩეული დიზაინი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სპორტული ხასიათი.
ახალი სახელწოდებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. „Type“ Jaguar-ის ისტორიულ მოდელებსა და მემკვიდრეობაზე მიანიშნებს, „0“ სრულად ელექტრო სისტემასა და ნულოვან გამონაბოლქვს ნიშნავს, ხოლო „1“ ახალი თაობის პირველი ავტომობილის სტატუსს.
კომპანიის ცნობით, Type 01-ს აქვს ამბიცია იყოს ყველაზე ტექნოლოგიური და მოწინავე მოდელი ბრენდის ისტორიაში. ავტომობილი სრულიად ახალ პლატფორმაზეა შექმნილი და გამოირჩევა როგორც დიზაინით, ისე შესაძლებლობებით. მას სამი ელექტროძრავი ექნება, რომლებიც ერთობლივად 1000 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრესა და 1,300 ნიუტონმეტრზე მეტ ბრუნვას განავითარებენ.
Jaguar Type 01-ის დიზაინი თანამედროვე მოდერნიზმის იდეაზეა დაფუძნებული და ბრენდის ახალ ვიზუალურ მიმართულებას განსაზღვრავს. მოდელის პროტოტიპები პირველად მონაკოში, Formula E-ის სარბოლო უქმეების დროს სპეციალური კამუფლაჟით გამოჩნდება, რომელიც ავტომობილის დეტალებს ნაწილობრივ ფარავს.
„ჩვენმა ინჟინრებმა შექმნეს ავტომობილი, რომელიც არც ვიზუალურად და არც მართვის გამოცდილებით არ ჰგავს სხვა ელექტრომობილებს და ამავდროულად ინარჩუნებს Jaguar-ის უნიკალურ მემკვიდრეობას. სახელწოდება Type 01 ამ ისტორიის ნაწილია. ჩემთვის „0“ ბრენდის სრულ განახლებას ნიშნავს, ხოლო „1“ ახალი თავის პირველ ავტომობილს. მოდელს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.“ - აცხადებს რაუდონ გლოვერი, Jaguar-ის მმართველი დირექტორი.
Jaguar Type 01-ის ოფიციალური პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება. კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ ეს მოდელი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მომავლის Jaguar დიზაინით, ტექნოლოგიებითა და მართვის გამოცდილებით. Jaguar-ის ახალი ტრანსფორმაცია ეფუძნება კონცეფციას სახელწოდებით Exuberant Modernism - ეს არის კრეატიული ფილოსოფია, რომელიც ბრენდის ახალ იდენტობას განსაზღვრავს. ეს მიდგომა აერთიანებს თამამ დიზაინს, არასტანდარტულ აზროვნებასა და ორიგინალურ იდეებს, რომლებიც ამ ბრენდს კიდევ უფრო გამორჩეულ და თვითმყოფად ხასიათს სძენს.