
ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ დიუშენის დაავადების მართვასთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ დიუშენის დაავადების მართვასთან დაკავშირებულ ახალ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ იტალიურ კომპანიასთან "ჯივინოსტატის" შეძენასთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ხელისუფლება მეორე მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.
„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.
„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის - ფინანსური მიზეზებითაც“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge