
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო ზომების მიღების საჭიროება არ დგას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოში ამჟამად არავითარი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
საქმე ისაა, რომ 2 ოქტომბერს რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა.
"სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბუნებრივია თვალს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და ინფორმაციას. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომა არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ასე ვთქვათ ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის, არ არსებობს, რაიმე ზომების მიღების საჭიროება აბსოლუტურად არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. ასეთია დღეს მდგომარეობა. საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება არ იკვეთება, ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც საქართველოს მოსახლეობას დაიცავს მსგავსი რისკებისგან", - ამბობს მინისტრი.
BM.GE
წყარო: bm.ge