ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების ჰოლდინგმა ვადაგასულ PCR ტესტებში ₾900,000 გადაიხადა - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი დასკვნის თანახმად, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგმა მეორადი, არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მობილური ლაბორატორია და მინიმალური დარჩენილი ვარგისიანობის სადიაგნოსტიკო ტესტები შეიძინა, რომელთა გამოყენებაც შემდგომში საერთოდ ვერ მოხერხდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამ შესყიდვებზე დაახლოებით 900 000 ლარი არარაციონალურად დაიხარჯა. როგორც აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს მთელი რიგი შეუსაბამობების და დარღვევების გამოვლენის გამო აუდიტის მიმდინარეობის პროცესშივე დოკუმენტაცია პროკურატურაში გააგზავნეს.
ვადაგასული PCR ტესტების საკითხი პარლამენტის აუდიტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის 2022-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის განხილვისას გახდა ცნობილი. აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ზაალიშვილის განცხადებით, შესყიდვების პროცესში არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებასა და ხელშეკრულებების შესრულებაზე დროულ რეაგირებას.
„ჰოლდინგის მიერ შესყიდული იყო მეორადი, არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მობილური ლაბორატორია და მინიმალური დარჩენილი ვარგისიანობის სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელთა გამოყენებაც შემდგომში არ მომხდარა და აღნიშნულის შედეგად გახარჯული იყო დაახლოებით 900 000 ლარი, რაც მიჩნეული გვაქვს არარაციონალურ ხარჯვად“, – განაცხადა მარიამ ზაალიშვილმა.
საკითხის განხილვისას სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა დამატებითი გარემოებაც დაადასტურა. მისი განმარტებით, ლაბორატორიის შეძენასთან ერთად PCR ტესტებიც იყო შესყიდული, რომელთა ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 10 დღე იყო.
„მანდ გარდა ლაბორატორიისა, იყო შეძენილი PCR ტესტები, რომელსაც 10 დღის ვადა ჰქონდა შეძენიდან და სანამ ეს ლაბორატორია ფიზიკურად მიიტანეს, იმასაც ვადა გაუვიდა“, – განაცხადა ჰოლდინგის დირექტორმა.
ამგვარად, სახელმწიფო სახსრებით შეძენილი ტესტები ლაბორატორიის ამოქმედებამდე გამოუსადეგარი გახდა, ხოლო თავად ლაბორატორია სხდომის მიმდინარეობისასაც გამოუყენებელი იყო.
დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ საკითხის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მისი შეფასებით, მხოლოდ აუდიტის მიერ პრობლემის გამოვლენა საკმარისი არ არის და მსგავსი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. იმიტომ, რომ თუ არ უნდოდა მას და თანაც მეორადი შეიძინა და არაფერში არ სჭირდებოდა და მილიონი გაქრა... ნუ საიდან, რატომ, რისთვის? ამას მადლობა კი არ უნდა, რომ აღმოაჩინეთ, ეს იქვე უნდა აღმოგეჩინათ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ განმარტა, რომ ეს შესყიდვები კოვიდპანდემიის პერიოდში განხორციელდა და დღეს აღნიშნული ლაბორატორია გამოყენებული არ არის. ამასთან, მისი თქმით, ჰოლდინგის კლინიკებში ლაბორატორიული მომსახურება ამჟამად ფუნქციონირებს.
სხდომაზე გაირკვა, რომ საკითხზე შესაბამისი რეაგირება მოგვიანებით განხორციელდა. თეა გიორგაძის განცხადებით, მის პერიოდში ჰოლდინგმა შესაბამისი ორგანოების მიმართა და კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო დავებიც დაიწყო. მალხაზ ჟორჟიკაშვილის განმარტებით კი, PCR ლაბორატორიის საკითხზე გენერალურ პროკურატურას გამოძიება დაწყებული ჰქონდა.
აუდიტის სამსახურმა განმარტა, რომ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები პროკურატურას აუდიტის დასრულებამდეც ეგზავნება.
