
ჯეიმი დაიმონი JPMorgan-ის დირექტორად მინიმუმ 3 წლით კიდევ დარჩება
ამერიკული ფინანსური გიგანტის, JPMorgan-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი პოსტზე მინიმუმ კიდევ სამი წლით დარჩენას გეგმავს, რამაც ბანკის მენეჯმენტში სტრუქტურული ცვლილებები და მისი ერთ-ერთი მთავარი პოტენციური მემკვიდრის პენსიაზე გასვლა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის უმსხვილესი ბანკის მმართველმა საბჭომ ახალი მემკვიდრეობის გეგმის შემუშავება უკვე დაიწყო. დაიმონი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია უოლ-სტრიტზე უპრეცედენტო გავლენით სარგებლობს, გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ მუშაობას აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, საკადრო გადაადგილებების ფარგლებში, ბანკის შიდა კანდიდატები, დაგ პეტნო და ტროი რორბაუ თანაპრეზიდენტებად დაწინაურდნენ, ხოლო უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიან ლეიკმა, რომელიც დაიმონის მთავარ შემცვლელად მიიჩნეოდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მენეჯმენტი ლეიკს, პეტნოსა და რორბაუს შორის ორი კანდიდატის შერჩევას გეგმავდა, ლეიკმა კი ბანკი მას შემდეგ დატოვა, რაც აღნიშნული პოზიცია ვერ დაიკავა. ახალი სტრუქტურის მიხედვით, რორბაუ სამომხმარებლო საბანკო მიმართულებას უხელმძღვანელებს, პეტნო კი კომერციულ და საინვესტიციო ბანკს ჩაუდგება სათავეში.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ JPMorgan-მა ერთგულების ბონუსის სახით პეტნოსა და რორბაუს $30-30 მილიონი გადასცა, საოპერაციო დირექტორმა ჯენიფერ პიფშაკმა და აქტივების მართვის ხელმძღვანელმა მერი ერდოესმა კი $20-20 მილიონი მიიღეს.
ცნობისთვის, ჯეიმი დაიმონმა JPMorgan-ის გენერალური დირექტორის პოზიცია 2006 წლის იანვარში დაიკავა, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კი ერთი წლის შემდეგ გახდა. ბანკის მემკვიდრეობის ბუნდოვანი ვადების გამო, წლების განმავლობაში რამდენიმე წამყვანმა აღმასრულებელმა კარიერა სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გააგრძელა. ექსპერტების შეფასებით, დაიმონი უოლ-სტრიტის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ბანკირია, რომელმაც JPM მსოფლიოს უმსხვილეს ბანკად აქცია.
BM.GE
წყარო: bm.ge