
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო.
უწყების ცნობით, ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სამინისტრო წერს, რომ საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვაც, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ახალი ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება. ცენტრში უზრუნველყოფილი იქნება:
• ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა; • მცენარეთა ნიმუშების კონსერვაცია; • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.
BM.GE
წყარო: bm.ge