
JPMorgan-ის თანაპრეზიდენტებად დაგი პეტნო და ტროი რორბაუ დაინიშნენ
ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა, JPMorgan Chase-მა, ორი წამყვანი ტოპ-მენეჯერი ახლად შექმნილ თანაპრეზიდენტების პოზიციებზე დააწინაურა. ეს გადაწყვეტილება კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის მემკვიდრის შერჩევის მრავალწლიანი პროცესის მორიგი ეტაპია.
პარალელურად ცნობილი გახდა ინფორმაცია დაიმონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოტენციური მემკვიდრის, მარიან ლეიკის თანამდებობიდან გადადგომისა და პენსიაზე გასვლის შესახებ. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, საკადრო ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.
როგორც ირკვევა, დაგი პეტნო და ტროი რორბაუ, რომლებიც 2024 წლის დასაწყისიდან ბანკის კომერციულ და საინვესტიციო მიმართულებას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ, ამიერიდან ორ უმსხვილეს ბიზნესერთეულს დამოუკიდებლად უხელმძღვანელებენ. პეტნო კომერციული და საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის ერთპიროვნული გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო რორბაუ საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს და ამ პოზიციაზე სწორედ მარიან ლეიკს ჩაანაცვლებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაწინაურების პარალელურად, პეტნომ და რორბაუმ ერთჯერადი ბონუსის სახით $30 მილიონის ღირებულების აქციები მიიღეს. ეს მოცულობა საგრძნობლად აღემატება ბანკის სხვა მაღალჩინოსნების, აქტივების მართვის დირექტორის, მერი ერდოესისა და საოპერაციო დირექტორის, ჯენიფერ პიპსაკის $20-მილიონიან ჯილდოებს. ფინანსური სექტორის ანალიტიკოსების შეფასებით, ბონუსების ეს მოცულობა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში გენერალური დირექტორის პოსტს სწორედ ორი ახალი თანაპრეზიდენტიდან ერთ-ერთი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ 70 წლის ჯეიმი დაიმონი JPMorgan-ს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს და მისი მმართველობის პერიოდში ბანკი აქტივების მოცულობით აშშ-ში უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტად იქცა.
წლების განმავლობაში დაიმონი პენსიაზე გასვლის ვადის შესახებ დასმულ კითხვებს იუმორით პასუხობდა და აცხადებდა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ყოველთვის „კიდევ 5 წელი“ რჩებოდა, თუმცა 2024 წელს ინვესტორებთან შეხვედრაზე მან პირველად აღნიშნა, რომ ეს დრო საგრძნობლად შემცირდა და ის ამ გადაწყვეტილებას უახლოვდებოდა.