
კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე
კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა, - ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც ავტოინდუსტრიის სექტორი აწყდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის, ეკატერინე ქავთარაძის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ბაზარზე კადრებზე მოთხოვნაც იზრდება, თუმცა არსებული მიწოდება ამ საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს. თემაზე მან ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, პრობლემის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა კვალიფიციური კადრების მომზადებაში.
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ახალი ადამიანების საჭიროება ჩნდება. გაზრდილ მოთხოვნას ადამიანურ რესურსზე ბაზარი ვერ აკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლებები. თუმცა, სახელმწიფოსთან ერთად, ბიზნესის როლიც ძალიან დიდია. მაგალითად, ჩვენ „თეგეტა აკადემიის“ მეშვეობით ყოველწლიურად ვამზადებთ ადამიანებს ჩვენი პროფილის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ამას მხოლოდ ჩვენი კომპანიის შიდა საჭიროებისთვის არ ვაკეთებთ - ზოგადად, ავტოინდუსტრიის სექტორს კვალიფიციური კადრებით ვამარაგებთ“, - აცხადებს ეკატერინე ქავთარაძე.
მისივე ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციის კვლევაში გამოკვეთილი გამოწვევები, მათ შორის, ადამიანური რესურსის დეფიციტი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზეც განიხილეს. ქავთარაძის განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლებმა პრობლემების საპასუხოდ რამდენიმე მიმართულება დაასახელეს, მათ შორის, 2027 წელს პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და მიგრანტებისთვის იმ დარგების პოპულარიზაცია, სადაც მათი დასაქმება ადგილობრივ მოქალაქეებთან კონკურენციას არ შექმნის.
„ჩვენი სექტორისთვის ის გამოწვევები, რომლებიც ბიზნეს ასოციაციის ინდექსშიც აისახა, ძირითადად ადამიანურ რესურსს და, განსაკუთრებით, კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უკავშირდება. ამ მიმართულებით მთავრობის წევრების მხრიდან გაჟღერდა, რომ 2027 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი პროფესიული განათლების ხელშეწყობა იქნება. ასევე საუბარი იყო მიგრანტებისთვის ისეთი დარგების პოპულარიზაციაზე, სადაც ისინი ადგილობრივ მოქალაქეებს კონკურენციას არ გაუწევენ“, - აღნიშნავს ქავთარაძე.
„თეგეტა ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ბიზნესსა და მთავრობას შორის ღია დისკუსიები მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სექტორში არსებული პრობლემები უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებს გაუზიარონ.
BM.GE
წყარო: bm.ge