მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კალაძის თქმით, დაჯარიმდა კომპანია, რომლის მშენებლობაზეც, მარიჯანის N4-ში, ფერდი ჩამოიშალა
კალაძის თქმით, დაჯარიმდა კომპანია, რომლის მშენებლობაზეც, მარიჯანის N4-ში, ფერდი ჩამოიშალა

კალაძის თქმით, დაჯარიმდა კომპანია, რომლის მშენებლობაზეც, მარიჯანის N4-ში, ფერდი ჩამოიშალა

BM.GE8 ივლისი, 2026, 12:42|bm.ge

კახა კალაძე ამბობს, რომ მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს. მერმა ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ ისაუბრა.

კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია ამჟამად კომპანია „ნექსთ დორის“ სამშენებლო ობიექტია. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება.

"უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.

მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიექტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.

ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნებართვის კორექტირება დაევალა.

კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. მან აღნიშნა, რომ მომიჯნავე მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა.

„დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში მომლოდინეთა სივრცე გაიხსნა - TAV Georgia

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში მომლოდინეთა სივრცე გაიხსნა - TAV Georgia

BM.GE

კოსტავა 49 - ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე და პროექტი, რომლითაც Immobiliare დეველოპერულ ბაზარზე შევიდა

კოსტავა 49 - ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე და პროექტი, რომლითაც Immobiliare დეველოპერულ ბაზარზე შევიდა

BM.GE

"მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს" - ტრამპის თქმით, ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია

"მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს" - ტრამპის თქმით, ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია

BM.GE

მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს - ორ პროექტზე ₾3.3 მილიონი დაიხარჯება

მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს - ორ პროექტზე ₾3.3 მილიონი დაიხარჯება

BM.GE