
კარალეთში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა - კომპანიაში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾1 მლნ-ს აჭარბებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი საწარმო „აგრო უნივერსალ საქართველო“ გაიხსნა - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი საწარმოს საათობრივი წარმადობა 6 ტონას შეადგენს, ხოლო გამომუშავებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.
პროექტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით განხორციელდა. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია 2023 წლიდან და სახელმწიფო თანადაფინანსებამ ჯამურად 1 178 833 ლარი შეადგინა:
• 500 000 ლარი - კომპანიამ მიიღო გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მარცვლეულის გადამუშავების საწარმოს შესაქმნელად; • 678 833 ლარი - გამოიყო 2023-2025 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით, რითაც დაფინანსდა სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ინფრასტრუქტურის განვითარება და საწარმოო ხაზების შეძენა-მონტაჟი.
სამინისტროს ინფორმაციით, „აგრო უნივერსალ საქართველოს“ საწარმოო ინფრასტრუქტურა თურქული კომპანიის, Alapala-ს თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. წარმოების პროცესში კი უნგრული Agrofeed-ის პრემიქსებს, რეცეპტურასა და ტექნოლოგიურ გამოცდილებას იყენებენ.
საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ნიდერლანდების, თურქეთისა და უნგრეთის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ახალი საწარმოს გახსნა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო მხარდაჭერამ, კერძო ინიციატივამ და საერთაშორისო გამოცდილებამ ერთად შექმნას ახალი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. „აგრო უნივერსალ საქართველოს“ მაგალითზე ვხედავთ თანამედროვე საწარმოს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს და ბაზარს ქართულ პროდუქტს სთავაზობს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge