
კარგი იქნება, თუ რეგულაციები დაიხვეწება. ხანდახან იწელება ნებართვების მიღება - IDS Borjomi Georgia-ს პრეზიდენტი
IDS Borjomi Georgia-ს პრეზიდენტი ლევან ბაღდავაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ რეგულაციები უფრო დაიხვეწება, რადგან, მისი ინფორმაციით, ხანდახან გარკვეული ნებართვების მიღება დროში იწელება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე განუცხადა. ღონისძიებაზე წარადგინეს BAG ინდექსის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით.
ლევან ბაღდავაძემ უპასუხა კითხვას, თუ რა სახის ხელშეწყობა სჭირდება ბიზნესს სახელმწიფოსგან: "მე წარმოვადგენ სფეროს, სადაც რეალურად განსაზღვრულია ყველაფერი ლიცენზიების შესაბამისად - ვარ მინერალური წყლის ბიზნესში და იქ თავიდანვე განსაზღვრული ლიცენზიებით ვმუშაობთ, ჩამოყალიბებული სტრუქტურებია ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, საერთოდ, კარგი იქნება, თუ რეგულაციები უფრო დაიხვეწება და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის რეგულაცია, რაც არ შეუშლით მათ ხელს დროულად აწარმოონ თავისი ბიზნეს საქმიანობა. იმიტომ, რომ არის ხოლმე შეფერხებები, ხანდახან იწელება რაღაც ნებართვების მიღება. ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველთვის აწუხებდა თითოეულ ბიზნეს სტრუქტურას და იმედი არის, რომ ასეთი შეხვედრები ალბათ მეტ სიცხადეს შეიტანს ამ ორ სტრუქტურას შორის, ანუ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობაში",- აღნიშნა მან.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები და განხილვები სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობის გაგრძელებას ემსახურება.
BM.GE
წყარო: bm.ge