
კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ვაშლის მოსავლიანობის დათვლის მეთოდიკის მოგვარებაში ჩაერთვება - ზურაბ გოჯიაშვილი
აგრომეურნეობა „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი ვაშლის მოსავლიანობის ანალიზის ერთიანი მეთოდიკის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის გარეშე დარგში პროგნოზების გაკეთება რთულია. ამის შესახებ ფერმერმა BM.GE-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრაზე მის მიერვე წამოყენებული საკითხების გაზიარებისას უთხრა.
დარგი ვაშლის მოსავლის აღებისთვის ემზადება და როგორც ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, ქვეყანაში ამ მიმართულებით ტენდენციებს მსოფლიოში ვაშლის მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებში არსებული ვითარებაც განსაზღვრავს.
„შიდა ბაზარზე ვითარება დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებში და ჩვენს ქვეყანაში მოსავლიანობაზე. ჩვენს ქვეყანაში მოსავლიანობა ჯერჯერობით არ ვიცი. მეზობელი ქვეყნების მოსავლიანობას მეტ-ნაკლებად ვიცით, რადგან ისინი ინფორმაციას აქვეყნებენ, მაგალითად, განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი თავის მონაცემებს აქვეყნებს და წელს 100%-ით მეტი მოსავალი ექნება, ვიდრე შარშან ჰქონდა, რამაც შეიძლება ჩვენს ბაზარზე ვაშლის ფასებზე ზეწოლა გამოიწვიოს... არ ვიცი, რამხელა, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, ამას ახლა უნდა დაფიქრება და წინასწარ განსაზღვრა, რას აკეთებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა არ ვიცით, რამდენი ასხია ჩემს ბაღში, რამდენი ასხია საქართველოში, რამდენი ვაშლი გვიდევს - ეს ძალიან ცუდია. მოსავლიანობის დათვლის მეთოდიკა, რომლითაც ვსარგებლობთ, მაინცდამაინც სიზუსტით არ გამოირჩევა“, - განმარტავს გოჯიაშვილი.
ვაშლის მწარმოებელი ფერმერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივ ბაზარზე მოსავლიანობის ანალიზი, რისთვისაც ერთიანი მიდგომა დარგისა და სამინისტროს წარმომადგენლების კოორდინაციით უნდა მოხდეს.
„შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან დავსვით საკითხი, რომ ჩვენ შიდა ბაზარზე გარკვეულმა ფაქტორებმა, შესაძლოა რაღაც არეულობა გამოიწვიოს, რაზედაც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხს აკვირდებიან. მე პირადად ძალიან ბევრი ფაქტორი მაღელვებს, რადგან საქართველოს ბაზარი მაინც პატარაა და მცირედი რყევებიც დიდ ცვლილებებს იწვევს იგივე სამომხმარებლო ბაზარზე, იგივე ჩვენი გაყიდვების ტაქტიკაზე და ა.შ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წინასწარ მოსავლიანობის ანალიზი, რომ გავაკეთოთ, მაგისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება ჩვენ და მთავრობას ერთად. ამასთან დაკავშირებით ალბათ, რამენაირად პროგნოზების გაკეთება მოსავლიანობის ანალიზის გარეშე ძალიან ძნელია. ახლა რომ მკითხოთ, რამდენი ასხია შენს ბაღშიო, არ ვიცი.
ძალიან დიდი განსხვავებებია, იმიტომ რომ სხვადასხვა მეთოდიკით სხვადასხვანაირად ითვლება, სხვადასხვა შედეგი გამოგვდის და ძალიან დაბნეულები ვართ. სახელმწიფოც ამ საკითხით დაინტერესებული აღმოჩნდა და კარგი იქნება, მის მოგვარებაში მთავრობაც თუ ჩაერთვება“, - განაცხადა ფერმერმა და აღნიშნა, რომ დარგის წარმომადგენლები ამ გამოწვევებზე თანხმდებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge