
"კარგი რეგულაციის გარეშე აუდიტის პროფესია არ არსებობს" - Baker Tilly-ს დირექტორის შეფასება
საქართველოში აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი ხარისხით, პროცედურებითა და კომპეტენციით აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა - ამის შესახებ აუდიტორული, საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია Baker Tilly Georgia-ს დირექტორმა, ივანე ჯელიამ, გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
Baker Tilly Georgia-ს ხელმძღვანელმა აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისა და რეფორმირების ეტაპი (2012–2016 წლები) შეაფასა და აღნიშნა, რომ პროფესიულ წრეებსა და კერძო სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა ქართული მარეგულირებლის მაღალი სანდოობა საერთაშორისო დონეზე:
"2012–2016 წლებში, როდესაც აუდიტის საბჭოს დაკომპლექტებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა, პროფესიულმა ფირმებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ. შედეგად, დღეს ნამდვილად საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხით, პროცედურებითა და კომპეტენციით ჩვენი რეგულატორი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ეს მარტო ჩემი აზრი არ არის: ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ქსელის კოლეგებთან, ამ სფეროში ჩახედულ ექსპერტებთან თუ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, და მათაც იგივე პოზიცია აქვთ. ეს უბრალოდ კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პროფესიულ ჩართულობას ბიზნესგარემოს გაჯანსაღება", - აღნიშნავს ივანე ჯელია.
ჯელიას განმარტებით, 2016 წლიდან მარეგულირებლის საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა. მკაცრი შემოწმებების შედეგად მინიჭებული აკრედიტაცია კი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მსხვილი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირების მომსახურება უზრუნველყონ:
"მოგეხსენებათ, კანონმდებლობით აუდიტის რამდენიმე დონეა განსაზღვრული: სტანდარტული, სავალდებულო და საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის უფლებამოსილება. ჩვენი კომპანია ყველა ამ მიმართულებას სრულად ფარავს. აღნიშნული უფლებამოსილება აუდიტორულ ფირმებს ხარისხის საკმაოდ მკაცრი შემოწმებისა და მონიტორინგის საფუძველზე ენიჭებათ.
ჩვენი გუნდის საამაყოდ შემიძლია აღვნიშნო, რომ მარეგულირებლის ინსპექტირება უკვე არაერთხელ წარმატებით გავიარეთ; სულ ახლახან, ერთი-ორი თვის წინ, მორიგი შემოწმება დავასრულეთ და საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა აუდიტის უფლებამოსილება კიდევ ერთხელ დავიდასტურეთ. ეს სტატუსი საშუალებას გვაძლევს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოვემსახუროთ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ორგანიზაციას - მათ შორის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებსა და მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც კანონმდებლობით სწორედ სდპ-ის კატეგორიას განეკუთვნებიან", - აცხადებს Baker Tilly-ის დირექტორი.
ივანე ჯელიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მაღალი რეგულატორული მოთხოვნები აუდიტორულ კომპანიებს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვისკენ უბიძგებს.
"კარგი რეგულაციის გარეშე აუდიტის პროფესია ვერ იარსებებს - ეს აქსიომაა, რომელზეც არავინ დაობს. მაღალი მარეგულირებელი მოთხოვნები არა მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილებას გვანიჭებს, არამედ სრულიად განსხვავებული კალიბრის კლიენტთა ბაზასაც აყალიბებს, რადგან ყოველდღიურად უმაღლესი სტანდარტებით მუშაობას გვავალდებულებს.
წელს ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით: ჩვენი აუდიტის სამუშაო პლატფორმა თვისებრივად ახალ სიმაღლეზე ავიყვანეთ - გადავედით ღრუბლოვან (Cloud) სისტემაზე და დავნერგეთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები. ცხადია, მხოლოდ ლოკალური რესურსით ამ მასშტაბის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერით წარმატებით ვუწყობთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს. ტექნოლოგიური პროგრესი და ინოვაციურობა ჩვენი ფირმისთვის მუდმივი, საბაზისო პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ივანე ჯელიამ BMG-ის ეთერში.
BM.GE
წყარო: bm.ge