
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 26-სართულიან სტუდენტურ საცხოვრებელს 2 წელიწადში ააშენებს
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, ახლად აშენებული 24,000 კვ.მ ფართობის ულტრათანამედროვე კამპუსის გვერდით, 26-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას იწყებს. როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ბათუმის მერიამ უკვე დაამტკიცა, მშენებლობის დასრულება კი მაქსიმუმ ორ წელიწადში იგეგმება.
ბათუმში 24,000 კვ.მ-ზე ავაშენეთ ახალი საუნივერსიტეტო სივრცე რომელიც ულტრათანამედროვეა. ასევე ჩვენ შევდივართ სკოლის ბიზნესში და გვექნება პირველი ეგრეთ წოდებული K-12, 12-წლიანი სკოლა ბათუმელებისათვის და არა მარტო.
რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, ჩვენ ვაპირებთ იქვე 26-სართულიანი საერთო საცხოვრებლის აშენებას, რომელიც უკვე ქალაქ ბათუმის მერიამ დაგვიმტკიცა და მოგვცა ამის უფლება, და ამასაც მაქსიმუმ ორ წელიწადში დავამთავრებთ.
ჩვენთან თბილისში, ამჟამად ძირითადად ქართველები სწავლობენ. სადღაც 7500 ქართველია და 1500 უცხოელი. ეგეთივე გაანგარიშება გვაქვს აჭარაშიც. ვფიქრობთ, რომ იქაც უმეტესი ნაწილი იქნება ქართველების და უმცირესობა იქნება უცხოელების. თუმცა ორივეს შევთავაზებთ ამ საერთო საცხოვრებელს, რადგან სტუდენტების გეოგრაფია ბათუმში უკვე იზრდება. არ არის მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, ჩამოდის უკვე თბილისელიც, ქუთაისელიც, ზუგდიდელიც და თელაველიც, ამიტომ გვექნება საშუალება იმისა, რომ ქართველებსაც მოვემსახუროთ.
საცხოვრებელი თავიდან მხოლოდ ჩვენ სტუდენტებზე იქნება, თუ ჩვენს თავს მოვუვლით, მერე შეიძლება უკვე გავაღოთ კარები სხვებისთვისაც.
რეალურად ჩვენთვის ეს არის სხვა ბიზნესი და ამისი შიში გვქონდა რომ ვაი და არ გაამართლოს. არ იყო მარტივი გადასაწყვეტი, თუმცა დღეს უკვე დგას საჭიროება იმისა, რომ ჩვენც ვიფიქროთ ამაზე და ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი საერთო საცხოვრებელი. მართვასაც ვაპირებთ თავად რათა მივიღოთ ის სტანდარტი და ხარისხი, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს.“ - განაცხადა კახა შენგელიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge