
კავკასიის უნივერსიტეტი სასკოლო ბიზნესში შედის - პირველი სკოლა ბათუმში გაიხსნება, სამომავლო გეგმაშია მარნეული
კავკასიის უნივერსიტეტი (CU) საქმიანობის მასშტაბებს ზრდის და სასკოლო განათლების სექტორში შედის. ბათუმში უკვე დასრულდა 24,000 კვ.მ ფართობის ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო და სასკოლო სივრცის მშენებლობა, სადაც რეგიონში პირველი 12-წლიანი კერძო სკოლა ამოქმედდება.
როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ბათუმის პროექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ობიექტის ოფიციალური გახსნა მიმდინარე თვეში იგეგმება. რეგიონის არჩევის მთავარი მიზეზი დასავლეთ საქართველოში მაღალი დონის სასკოლო განათლებაზე არსებული დიდი მოთხოვნა და არსებული დეფიციტის შევსებაა.
„ბათუმში 24,000 კვ.მ-ზე ავაშენეთ ახალი საუნივერსიტეტო სივრცე რომელიც ულტრათანამედროვეა. ასევე ჩვენ შევდივართ სკოლის ბიზნესში და გვექნება პირველი ეგრეთ წოდებული K-12, 12-წლიანი სკოლა ბათუმელებისათვის და არა მარტო ბათუმელებისათვის.
ბათუმში შესვლის მთავარი მიზეზია ის, რომ ბათუმს აკლია რაღაცები და ჩვენი ამოსავალი წერტილიც ეს არის. მოთხოვნა ძალიან დიდია და გვინდა, რომ დასავლეთ საქართველოშიც განვითარდეს ისეთი მაღალი დონის განათლება, როგორიც განვითარებულია აღმოსავლეთში.
დამთავრებულია სამშენებლო პროცესი როგორც უნივერსიტეტის, ისე სკოლის და ალბათ მიმდინარე თვეში გავხსნით.
არ ვიცი, რამდენად უნდა გაგიმხილოთ ამ მხრივ განვითარების გეგმები ახლა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლა გავაკეთო მარნეულში. თუ იქნება მეორე სკოლა ბათუმის შემდეგ, ის იქნება არა თბილისში, არამედ მარნეულში. ეს დაპირებაც მივეცი მარნეულელებს, მინდა, რომ იქ იყოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული, ძალიან ხარისხიანი კერძო სკოლა,“ - განაცხადა კახა შენგელიამ.
მისივე თქმით, გეგმაშია უნივერსიტეტების გახდა დუბაისა და უზბეკეთშიც.
„ჩვენ ამჟამად უკვე ვართ დუბაიში, ჩვენ გვაქვს იქ ძალიან დიდი ტრენინგცენტრი რომელიც დიდი ალბათობით მალე გარდაიქმნება კამპუსად. ასევე ძალიან მალე ჩვენი ადგილი იქნება უზბეკეთშიც, კერძოდ ქალაქ ტაშკენტში. ახლა გავდივართ მომზადების სტადიას, ვხვდებით იქაურ ბიზნესებს და ვეცნობით ბიზნესგარემოს, იქაურ მთავრობას და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალიან მალე,“ - აღნიშნა შენგელიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge