
ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, თუმცა მშენებლობის ხარჯების მატება, განსაკუთრებით კი სამუშაო ძალის ანაზღაურების მკვეთრი ზრდა, ბინების თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს ცვლის. ამის შესახებ BMG-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაია საუბრობს. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მშენებლობაზე ხელფასების მიმართულება დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.
„მშენებლობის ხარჯი გაიზარდა - პირველ რიგში, გაიზარდა ხელფასები. მაგალითად, პროექტში, რომელიც ორი წლის წინ დავიწყეთ და შარშან დავამთავრეთ, დაახლოებით, 40%-ითაა გაზრდილი ხელფასები. თუმცა, მე მივესალმები ამას, იმიტომ რომ საქართველო დაიცალა და ალბათ, ხელოსნები ასე თუ დაბრუნდებიან უკან. დღესდღეობით, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სამივე პროექტში, თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა ბინა შეიძინა. დამლაგებელმაც კი შეიძინა ჩვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეღავათიანი პირობებით ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს, ამიტომ, თითქმის ყველა ხელოსანმა შეიძინა ბინა ჩვენს კორპუსში“ - აცხადებს პაატა კოკაია BMG-სთან.
მისივე თქმით, „ინნ ჯგუფის“ პროექტებზე მოთხოვნა მაღალია. დიდ დიღომში, სადაც კომპანია 800-ბინიან კომპლექსს აშენებს, ზაფხულის ორ თვეში ბინების 25% (დაახლოებით 200 ერთეული) უკვე გაიყიდა. მსგავსი ტენდენციაა ქუთაისშიც, სადაც „კასამელის“ პროექტის ბინების 30% რეალიზებულია.
რაც შეეხება ფასებს, პაატა კოკიას ინფორმაციით, დიდ დიღომში „თეთრი კარკასის“ ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა - თუ წინა პროექტები კვადრატულზე 900 დოლარად სრულდებოდა, ამჟამად ფასი 1250 დოლარს აღწევს.
მისი შეფასებით, უძრავი ქონება კვლავ რჩება საუკეთესო საინვესტიციო საშუალებად. დღეისთვის, ბინის გაქირავებიდან მიღებული ამონაგები 7-8%-ს შეადგენს, რაც საბანკო დეპოზიტზე მაღალი მაჩვენებელია.
„ბაზარი სტაბილურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მსგავსი ნახტომისებური „აფეთქება“ აღარ არის, წლიური 4-5%-იანი ზრდა შენარჩუნდება. ინვესტორები ხედავენ, რომ ეკონომიკა წინ მიდის და მათი კაპიტალი არ დაიკარგება,“ - აღნიშნავს კოკაია.
მისივე ცნობით, მყიდველთა ძირითად სეგმენტს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა ოჯახები და ემიგრანტები შეადგენენ. კოკაიას თქმით, ქუთაისის პროექტში მყიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმერეთიდან წასული ემიგრანტები არიან, რომლებიც მშობლიურ ქალაქში უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ან დასაბრუნებლად ყიდულობენ.
ამ ეტაპზე „ინნ ჯგუფი“ ახალი ნებართვების მოპოვებას არ გეგმავს და ფოკუსირებულია არსებული 90 000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის მშენებლობის დასრულებაზე თბილისსა და ქუთაისში.
BM.GE
წყარო: bm.ge