მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება|კანონპროექტი
დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება|კანონპროექტი

დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება|კანონპროექტი

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების მიზნით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები ეხება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის გამარტივებას, ასევე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას. მათ შორის ქორწინებისას, ფიქციური ქორწინების თავიდან ასაცილებლად, გვარის შეცვლა იკრძალება იმ პირებისთვის, რომელთა დეპორტაციიდან/რეადმისიიდან 5 წელი არ გასულა.

დოკუმენტის თანახმად, კანონში ცვლილება განპირობებულია ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის თაობაზე მიმართვიანობის გაზრდით, განცხადებების სიმრავლის, აგრეთვე მათი სრულყოფილი შესწავლისა და საქმისწარმოების ეფექტურობის ამაღლების საჭიროების გათვალისწინებით, კერძოდ:

• ცვლილების შედეგად, თუ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან დოკუმენტი მიღებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით, რითაც დასტურდება დოკუმენტის ნამდვილობა, მისი აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზება აღარ მოითხოვება. აღნიშნული ცვლილება გამარტივებს სააგენტოს მიერ მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცესს; • დაზუსტდება, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სახელისა და გვარის მსგავსად, არ მიეთითება მკვდრადშობილი ბავშვის პირადი ნომერი და მოქალაქეობა; • კანონს ემატება რეგულაცია გვარის შერჩევასთან დაკავშირებით მამობის დადგენის რეგისტრაციისას და განისაზღვრება იგივე წესები, რომლებიც მოქმედებს დაბადების რეგისტრაციის დროს გვარის განსაზღვრისას. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ, თუ პირს უდგინდება 10 წელს მიღწეული არასრულწლოვანის მამობა, ბავშვის თანხმობა საჭიროა გვარის ცვლილებისათვის; • ცვლილების შედეგად, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მამად მითითებული პირის განცხადება აღარ მოითხოვება, თუ წარმოდგენილი იქნება დნმ-ის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის წარმოდგენა აგრეთვე სავალდებულო იქნება, თუ მამობის დადგენის შემდეგ დაბადების აქტის ჩანაწერში მამად უნდა მიეთითოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, ან/და მამობის დადგენის შემდეგ ბავშვი ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში რეალური მდგომარეობის ასახვას და პირებს არ მისცემს შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ მამობის დადგენის რეგისტრაცია; • ცვლილებით, ნაშვილების მშობლის (მშობლების) მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ბავშვის მიმართ რეგისტრირებული მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება ძალადაკარგულად, განურჩევლად იმისა, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებაში. რიგ შემთხვევებში, დაინტერესებული პირები არ მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით მამობის დადგენის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მამობის დადგენის აქტის ჩანაწერთან დაკავშირებით, რაც ღიად ტოვებდა აღნიშნული აქტის ჩანაწერის სტატუსს; • არსებული რეგულაციით, ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. პროექტით, ქორწინების რეგისტრაციისას გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებს დაემატება დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში, თუ დეპორტაციიდან/რეადმისიიდან გასული არ არის 5 წელი. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე, რაც არ მისცემს შესაძლებლობას პირებს, გვარის შეცვლის მიზნით იქორწინონ ფიქციურად და გვერდი აუარონ გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებს; • ცვლილების შედეგად ნაშვილები უფლებამოსილი იქნება შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია, მხოლოდ თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მას მიეწოდა ინფორმაცია, რომ შვილად აყვანილია; • ცვლილების შედეგად განქორწინების აქტის ჩანაწერი არ დარეგისტრირდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მიმართ, რომლებიც ქორწინებაში არ არიან საქართველოს მოქალაქესთან, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებთან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებთან, ან რომელთა ქორწინების აქტის ჩანაწერიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს; • შეიცვლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქის მომართვის შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაციის ვადები, რაც დაინტერესებული პირებისათვის გაამარტივებს პროცესს, როდესაც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დამატებით 5 დღით ან 30 დღით მოცდა არ გახდეს საჭირო; • მოქმედი რეგულაციით, 16 წლამდე არასრულწლოვანის სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით. არსებული რეგულაცია ითვალისწინებს მხოლოდ მშობლების მომართვის შესაძლებლობას, რაც ზღუდავს როგორც იმ არასრულწლოვანის უფლებას, რომელსაც არ ჰყავს მშობლები, აგრეთვე კანონიერი წარმომადგენლის უფლებას, მისი მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს შეუცვალოს სახელი ან/და გვარი. ცვლილების შედეგად 16 წლამდე პირზე განცხადების წარმოდგენის უფლებამოსილება, მშობლების გარდა, ასევე სხვა კანონიერ წარმომადგენლებსაც ენიჭებათ; • თუ გვარს იცვლის ის მშობელი, რომლის გვარსაც ატარებს 10 წლამდე არასრულწლოვანი, ბავშვის გვარი იცვლება მშობლის გვარის ცვლილებასთან ერთად, მაშინ, როდესაც, თუ არასრულწლოვანის მშობელი არ იცვლის გვარს, მაგრამ სურს არასრულწლოვანს შეუცვალოს გვარი, საჭიროა მშობლის თანხმობა. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურდეს მხოლოდ საკუთარი გვარის შეცვლა, რის საშუალებასაც დღეს არსებული რეგულაცია არ იძლევა. ცვლილების შესაბამისად, გვარის შეცვლის შესაძლებლობა იქნება დამოუკიდებლად, როგორც მშობლისთვის, ასევე 10 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვისთვის; • აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტების მიმართულებით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული განცხადებების განხილვის ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ვადები - სამუშაო დღეებით. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადებების ერთდროულად ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემისა და სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანის თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს, რის გამოც სააგენტოს უწევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საქმისწარმოების ვადის გაგრძელება. მომსახურების კალენდარული დღეებით გამოთვლა პრობლემურია ზედიზედ რამდენიმე უქმე/დასვენების დღის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, როცა მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღე დასვენებისა და უქმე დღეებს ემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სააგენტოს სამუშაო პროცესს. ცვლილებების შედეგად, როგორც პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ისე შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, ვადად, ნაცვლად კალენდარული დღისა, განისაზღვრება სამუშაო დღე ისე, რომ მომსახურების ვადა, პრაქტიკულად, არ შეიცვლება; • პრაქტიკაში სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის ძველი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები: კერძოდ, ქორწინების აქტის ჩანაწერებში მეუღლეთა ხელმოწერების არარსებობა დაინტერესებულ პირებს აიძულებს სასამართლოს გზით დაადგინონ ქორწინების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია მოწმობა და დამდგარია სამართლებრივი შედეგები; არის აქტები, სადაც მამის მონაცემების განსაზღვრის საფუძვლად მითითებული მამობის დადგენის ან ქორწინების აქტები არ იძებნება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩანაწერის სისწორეს, ხოლო სათანადო წესით დაუმოწმებელი ცვლილებები (უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ან ბეჭდის გარეშე) აიძულებს როგორც ცოცხალ პირებს, ისე გარდაცვლილის მემკვიდრეებს, გაიარონ რთული ბიუროკრატიული პროცედურები, იმ პირობებშიც კი, როდესაც პირი სიცოცხლეში ფლობდა შესწორებული მონაცემებით გაცემულ ოფიციალურ პირადობის დოკუმენტებს; გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში დამატებით დაზუსტებასა და სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დაბადების აქტის ჩანაწერები, სადაც უგვარო მშობლების ბავშვის გვარად მითითებულია პირდაპირი აღმავალი ნათესავის სახელიდან ნაწარმოები გვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით რეგულაციები ემატება კანონის გარდამავალ დებულებებს, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გამონაკლისებს და რეგულაციებს 2006 წლამდე პერიოდში - სააგენტოს შექმნამდე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

BM.GE

21 მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი დოლარის ერთობლივ სტეიბლკოინს გამოუშვებს

21 მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი დოლარის ერთობლივ სტეიბლკოინს გამოუშვებს

BM.GE

კავკასიის უნივერსიტეტი სასკოლო ბიზნესში შედის - პირველი სკოლა ბათუმში გაიხსნება, სამომავლო გეგმაშია მარნეული

კავკასიის უნივერსიტეტი სასკოლო ბიზნესში შედის - პირველი სკოლა ბათუმში გაიხსნება, სამომავლო გეგმაშია მარნეული

BM.GE