
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
ალტე უნივერსიტეტი და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ხარისხიანი განათლების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობას იწყებენ.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეთრი კვადრატი“ სრულად დააფინანსებს იმ ორ სტუდენტს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წელს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
თანამედროვე განათლების სისტემაში მსგავსი თანამშრომლობები დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც 2026–2027 აკადემიური წლიდან, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გავრცელდება და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნულ პროგრამებში ვეღარ მონაწილეობენ. მსგავსი ინიციატივები კი კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობით ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა ქმნის რეალურ შესაძლებლობას, ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდებმა ხარისხიან განათლებაზე უფრო ფართო წვდომა მიიღონ.
„ალტე უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტები თანამედროვე, პრაქტიკულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას იღებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო შესაძლებლობებსა და კარიერული განვითარების რეალურ მხარდაჭერას, რათა თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.
ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ბიზნესი განათლებას ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად განიხილავს და აქტიურად ერთვება ახალგაზრდების მხარდაჭერაში. მსგავსი პარტნიორობები არა მხოლოდ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას აძლიერებს სტუდენტებისთვის, არამედ - მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებაში.” - რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.