
ხაშურთან ქარის სამი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამი განკარგულება შპს "აღმოსავლეთის ქარის ელექტროსადგურთან" დაკავშირებით, რომელიც ხაშურის ქარის ელექტროსადგურების განვითარებას გეგმავს. განკარგულებების თანახმად, საუბარია სამ პროექტზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომპანიას გზშ დოკუმენტაციის მომზადება და მათი შეთანხმება დაევალა. ჯერჯერობით პროექტზე შესაბამისი სკოპინგის დოკუმენტაცია გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება აღნიშნული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "აღმოსავლეთის ქარის ელექტროსადგური" 2023 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის აქციონერია გიორგი ბეჟუაშვილი, რომელიც 2012-2015 წლებში ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. ის კომპანიის 30%-ის წილს ფლობს. სხვა პარტნიორები არიან ეკატერინე ციცქიშვილი 30%-ით, ხოლო 30%-ის წილს ფლობს ბიზნესმენი არჩილ კეცუა, რომელიც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.
ქარის ენერგოპროექტების განვითარების ტემპები:
რაც შეეხება ქარის ენერგიის სხვა პროექტებს საქართველოში, აპრილში მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას 2031 წლამდე 1300 მეგავატის სიმძლავრის ქარის ენერგოსადგურები შეიძლება შეემატოს, რაც ინვესტორებთან გაფორმებული შეთანხმებების შედეგია. ამ პროექტებს შორის ყველაზე მალე 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება კომპანია "ფერის" მიერ აშენებული 206-მეგავატიანი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც EBRD 119 მილიონი დოლარის სესხით აფინანსებს. ამასთან, ელექტროსისტემას უკვე მიუერთდა შპს "ზემო ვინდის" 19-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანიამ ააშენა.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე გასცა ზესტაფონთან, გოგნის 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის გზშ ნებართვა, ხოლო ამჟამად განიხილება არაერთი პროექტის, მათ შორის Voltares Energy-ის 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი ზესტაფონში და კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის 130-მეგავატიანი ელექტროსადგურის პროექტი ფარავანის ტბასთან. ასეგე განხილვაშია კომპანია "აპოთეკოს" 54-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტიც, რომელიც იგოეთის მიმდებარედ უნდა აშენდეს.